„ვითხოვთ პირდაპირ ეთერს“ - საზმაუ აქციების დროს დაკავებულთა მშობლებს პასუხობს

პუბლიკა

დღეს დილიდან აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაეთმოთ პირდაპირი ეთერი, გაიმართოს შეხვედრა მაუწყებლის ხელმძღვანელობასათან; ჩატარდეს სამეურვეო საბჭოს სხდომა და გაეცეს შეკითხვებს პასუხი, ამ დრომდე რატომ არ ეთმობათ მათ პირდაპირი ეთერი.

მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ბრიფინგი გამართეს და ამ ბრიფინგის საზმაუს ეთერით გაშუქებაც მოითხოვეს.

პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პასუხს აქვეყნებენ:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად აშუქებს სასამართლო პროცესებს საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას.

ასევე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-18 მუხლი). აღნიშნული კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

მათ საქმიანობაზე ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების ან დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე. ამასთანავე, „საქართველოს პირველი არხი“ თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას“,- ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

მშობლები ამბობენ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ საპასუხო წერილი 8 საათის ლოდინის შემდგომ მიიღეს.

„სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებას. უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ჩვენ, ფაქტობრივად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს.

ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონითა და მისი მანდატით, მას ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრების წარმოდგენა და დაიცვას საზოგადოების უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა, საზოგადოების ფართო ინტერესი, უდაოდ წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული“, – ნათქვამია მშობლების განცხადებაში.