ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს ინფორმაციას, რომ 21 ივლისს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტმა, ბექა შონიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრა.
ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო პროცესი ბექასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მოთხოვნას ეხებოდა.
ხუთ წელზე მეტია დიუშენის დისტროფიის მქონე ბექა სახლიდან ვერ გამოდის. PHR-ის ცნობით, სუნთქვის აპარატი, რომელიც ბექას დედამ სახლის გაყიდვის შედეგად შეიძინა, შესაცვლელია, ხოლო ის სამედიცინო სერვისები, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე პირებმა და მათმა ოჯახებმა სამოქალაქო პროტესტის შედეგად მოიპოვეს, ბექასთვის ჯერ ისევ მიუწვდომელია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 22 აპრილს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ ცვლილების დროს არც სუნთქვის აპარატი გაითვალისწინა და არც სამედიცინო სერვისების სახლში მიწოდება გადაადგილების შეზღუდვის მქონე დიუშენის პაციენტებისთვის. ბექამ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.
„მიმდინარე წლის 21 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბექას მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე არ უსაუბრია. სასამართლოსთვის მიმართვის გზით ბექამ აღნიშნული სერვისები დიუშენის მქონე ყველა ადამიანისთვის მოითხოვა:
„იმედია, გაიგო მოსამართლემ ჩემი ხმა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსაუბრობდი, რადგან ტრაქეოსტომა მიშლის ხელს საუბარში, მაგრამ მინდოდა მეთქვა ჩემი სათქმელი: მე მინდა, რომ სხვა დიუშენელმა ბავშვებმა და დედებმა ის არ გაიარონ, რაც ჩვენ გავიარეთ. დედას სახლის გაყიდვა მოუწია, რომ მე მესუნთქა და არ მინდა, სხვასაც ამის გაკეთება მოუწიოს. ამისთვის ღირს ეს ბრძოლა და იმედია შედეგს მივაღწევ! “- აღნიშნა ბექამ პროცესის შემდეგ.
ბექას მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხდება უფლებადამცველი და სახელმწიფომდე აღწევს მისი ხმა.
მიუხედავად ბექას თავისუფლების იძულებით შეზღუდვისა, რაც მისაწვდომობის არქონით და სახლში 5-წლიანი იზოლაციითაა გამოწვეული, ბექას მონაწილეობა ადვოკატირებისა და მართლმსაჯულების პროცესში არის გადამწყვეტი.
ბექა მოითხოვს საკუთარი და სხვა შშმ პირების უფლებების დაცვას და მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში – საქართველოს კონსტიტუციითა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით დადგენილი შესაძლებლობით.
„ჩვენ ორგანიზაცია მუშაობს იმისათვის, რომ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს და ზრდასრულს ჰქონდეს ის სერვისები, რაც სახელმწიფოსგან ეკუთვნით. მათ არ უნდა ჰქონდეთ მომავლის შიში, რადგან სახელმწიფო უნდა იცავდეს მათ არსებული და სამომავლო საფრთხეებისგან. ამ დაცვის პროცესში მათი ხმა უნდა ისმოდეს გამოკვეთილად. ისინი არ ითხოვენ დახმარებას, არამედ იმ ვალდებულების შესრულებას სახელმწიფოსგან, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია“, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამარ გაბოძემ“, – ნათქვამია PHR-ის ტექსტში.
ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფოსგან უკვე მოიპოვეს ბექასთვის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე და ნებართვა ბექას საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებისათვის.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ბექასთვის სუნთქვის აპარატისა და სახლში სამედიცინო სერვისების მისაწვდომობის შესახებ 29 ივლისის სხდომაზე გამოაცხადებს.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ბექასთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად მორგებული, დროული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რათა ღირსეულად და უსაფრთხოდ იცხოვროს საკუთარ სახლში“, – აცხადებს ორგანიზაცია.