სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძეს ამჯერად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ნიშნავენ.
ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა შეიქმნას. საკითხს პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მუშაობის განახლებამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს. ახალი სტრუქტურის შექმნის შემდეგ კი ეს სამინისტრო გაუქმდება.
ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ ამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში და გაწეული სამუშაო იძლევა საშუალებას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყონ.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს საშუალებას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ.
დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი — მამუკა მდინარაძე.
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის, შესაბამისად, სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე — სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.
მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულებაც მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი თანამდებობა პატივი და გამოწვევაა.
„ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო.
რეგიონები დღეს ჩვენთვის – ბევრი გვისაუბრია ამაზე არანაკლებ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან, ჩვენს გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან – არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმითაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი, გამოწვევასთან ერთად.
ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას.
როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამოგვივა და ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ და შევასრულებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. ამისთვის მთავრობაში ცალკე სტრუქტურა შეიქმნა. სუსში მდინარაძის ადგილი გეკა გელაძემ დაიკავა.
რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, 2025 წლის 2 აპრილს, როცა გრიგოლ ლილუაშვილმა სუსი დატოვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფოდა და მას ლილუაშვილი უხელმძღვანელებდა. ამ განცხადებიდან 2 დღეში კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს არა ლილუაშვილი, არამედ კახა გულედანი დაიკავებდა.
კობახიძის თქმით, ლილუაშვილთან „კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან“ დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები იყო, „მათ შორის იყო მოადგილეების თემა, რაზეც ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები“.
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება ედება. სასამართლოს ლილუაშვილისთვის განაჩენი ჯერჯერობით არ გამოუტანია.