მიქანაძე: სტუდენტი მობილობით კერძო უნივერსიტეტში თუ გადადის, დაფინანსება აღარ ექნება

პუბლიკა

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებულ სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

მისი თქმით, საუბრობენ იმაზე, რომ დაფინანსების მეორე ნაწილის მოსაპოვებლად მაღალი აკადემიური მოსწრებაა აუცილებელი, თუმცა სინამდვილეში საკმარისია მხოლოდ 51%-იანი ნიშნულის გადალახვა [ანუ საგანში მინიმუმ 51 ქულის მიღება], რის შემდეგაც საგანი [ანუ კრედიტი] ჩაბარებულად მიიჩნევა.

„მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება – სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა.

თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში.

კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.

ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.

ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.“, – განაცხადა მიქანაძემ.

რაც შეეხება მობილობის შემთხვევაში დაფინანსებას, როგორც მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლისას, სტუდენტს მოპოვებული დაფინანსება გაუგრძელდება, კერძო უნივერსიტეტში კი – არა.

„სტუდენტი თუ გადადის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით, ასეთ მოცემულობაში მას დაგროვილი კრედიტებიდან გამომდინარე, შესაბამისი სწავლის დაფინანსების სქემა გადაჰყვება, ანუ, თუ 80 პროცენტი და მეტი აქვს, სადაც გადავა იქაც უფასოდ ისწვლის, თუ 80%-ზე ნაკლები აქვს, ამ შემთხვევაში 50 პროცენტი იქნება. თუმცა, იქაც ექნება შემდეგ სემესტრში გაუმჯობესების შესაძლებლობა. მობილობით თუ გადავიდა კერძო უნივერსიტეტში , იქ დაფინანსება აღარ ექნება, რადგან, იცით, რომ  კერძო უნივერსიტეტის დაფინანსება ახალი მოდელით არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მიქანაძემ.


მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსების ნახევარია გარანტირებული, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

უფრო კონკრეტულად კი, მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი სახეებია:

  •  საბაზო დაფინანსება;
  • სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

თავის მხრივ, საბაზო დაფინანსება შედგება ორი კომპონენტისგან:

  • პირველი კომპონენტი − გარანტირებული საბაზო დაფინანსება;
  • მეორე კომპონენტი − დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება.

გარანტირებული საბაზო დაფინანსება გულისხმობს, რომ ყველა ჩარიცხულ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს (50%) ავტომატურად უფინანსებს.

დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება კი გულისხმობს, რომ დარჩენილი 50% – ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

პირველი 50% (გარანტირებული დაფინანსება) ეს არის უპირობო ნაწილი. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, ამ 50%-ს სახელმწიფო დაფარავს მთელი სწავლის განმავლობაში. მეორე 50% (დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება): რომელსაც განსაზღვრავს სტუდენტის მიერ ჩაბარებული კრედიტები.

აღწერილი მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის ფინანსდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, სტუდენტი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.