უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.
კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად.
კანონპროექტით, განმეორების შემთხვევაში კი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იურიდიული პირი კი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
როგორც დღეს გამართულ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ჯარიმები ძალაში იქნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.
კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ თუ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ანუ თუ მისი დარღვევა მოხდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად მოხდება. აქაც, განმეორების შემთხვევაში უკვე ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, თუმცა სანქციას ისევ პრეზიდენტის მიერ გამოცემული კონკრეტული დეკრეტი განსაზღვრავს.
ანუ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა დაისჯება იმის მიხედვით, არის ეს საგანგებო მდგომარეობის ნაწილი თუ არა. საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაზე თუ რა სახის პასუხისმგებლობა იქნება გამოყენებული, ეს უკვე პრეზიდენტის გამოცემული კონკრეტული დეკრეტით განისაზღვრება. დანარჩენ პერიოდში კი, როდესაც არ იქნება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საჭირო იქნება იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დაცვა, მისი დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.