„ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ“ - სუსმა გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

სუსის განცხადებით, ეს საქართველოს ეკონომიკის დაზიანებას ემსახურება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა სუსმა.