საიას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომლებიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას შეეხება. ორგანიზაცია უკვე 18 წელია ევროპულ სასამართლოში იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 400-მდე დაზარალებულ ადამიანს.
ორგანიზაციის თქმით, მათ მიერ წარმოებულ სამ საქმეში, სადაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები („სტორიმანს-ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, „ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ” და „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”).
2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, „სტორიმანს-ვერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” – ამ საქმეში საუბარია აგვისტოს ომის დროს გორში ნიდერლანდელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მკვლელობაზე.
„ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ ჩაატარა ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჟურნალისტის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად, შესაბამისად, მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილი დაარღვია. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნისთვის დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 50 000 ევროს გადახდა”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება საიას ორ საჩივარს აერთიანებს: „ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ” და „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”. ეს საქმეები 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროების წამებასა და მკვლელობას ეხება.
„ეს საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ევროპულმა სასამართლომ პირველად დაადგინა დარღვევა კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს. ხაზგასასმელია, რომ ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოთაშორის საქმეში – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II” იურისდიქციის საკითხი კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს (2028 წლის 8-12 აგვისტო) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების მატერიალურ დარღვევასთან დაკავშირებით არ დაუდგენია. გარდა ამისა, გიორგი ანწუხელიძე არც არის ნახსენები ზემოაღნიშნულ სახელმწიფოთა შორის საქმეში. საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედროების მკვლელობასა და წამებაზე, ასევე ამ ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაზე. სასამართლოს განმარტებით, რუსეთს ჰქონდა ექსტრატერიტორიული იურისდიქცია ტყვეობაში მყოფ პირებზე, რისთვისაც რუსეთს კომპენსაციის სახით 395 000 ევროს გადახდა დაეკისრა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული კომპენსაციების აღსრულების საკითხს, რადგან რუსეთმა უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. სამართალწარმოებასთან ერთად, საიას თქმით, ისინი აქტიურად ადვოკატირებენ, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2026 წლის 3 აგვისტოს მათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართეს და გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული მექანიზმები წარუდგინეს. საიას პოზიციით, დაზარალებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს მძიმე სამართლებრივი გზა, არ უნდა დარჩნენ მარტო კომპენსაციების მოპოვების ბრძოლაში და აღსრულება უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად. ამისთვის საია მინისტრთა კომიტეტს სთავაზობს ორ ურთიერთშემავსებელ გზას: ევროპის საბჭოს ფარგლებში სპეციალური ფონდის შექმნას და „კოლექტიური აღსრულების“ პრინციპზე დაფუძნებულ მექანიზმს.
„ევროპის საბჭოს ფარგლებში სპეციალური ფონდის (Trust Fund) უპირატესად დაეყრდნობა რუსეთის სახელმწიფოს ჩამორთმეული/განკარგული აქტივების გამოყენებას… „კოლექტიური აღსრულების“ პრინციპზე დაფუძნებულ მექანიზმის ფარგლებში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მიეცემათ რეკომენდაცია, საკუთარ შიდა იურისდიქციებში დაუშვან რუსეთის სახელმწიფო აქტივების მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მოუწოდებს მინისტრთა კომიტეტს, დაიწყოს აქტიური ნაბიჯების გადადგმა, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და წამყვანი როლი იკისროს სხვა საერთაშორისო თუ სამოქალაქო აქტორებთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს 2008 წლის ომით დაზარალებული ათასობით მსხვერპლისთვის მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა.