კობა ფარტენაძე: ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კაცი მას „გვერდით გაყოლას“ სთხოვს, ახსენებს მის შეღებილ თმას და იყენებს ჰომოფობიურ ტერმინს.

„წამოდი ერთი წამით, გეშინია? ხომ არ გეშინია? ბათუმელი კაცი ხარ. გვერდზე შევალთ, ტ**კში მიგჭრი და წამოვალთ“, – ეუბნება უცნობი პირი კობა ფარტენაძეს.

როგორც ფარტენაძე წერს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან. ის მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში მასზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტს.

„ყოველ საღამოს მხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან და ფიზიკურად მეხებიან.

ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის არაერთი ფაქტი მოხდა. ზოგიერთის დამადასტურებელი კადრი მაქვს, ზოგიერთის არა, რადგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ტელეფონი იმისთვის დამჭირდებოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვა დამემტკიცებინა.

რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?

მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს: გთხოვთ, დროულად შეისწავლოთ და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში ჩემზე განხორციელებული თავდასხმის ყველა ფაქტს.

მოძალადეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქუჩაში ადამიანის ცემა, მუქარა, შეურაცხყოფა და ძალადობა დაუსჯელი არ დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოძალადეს უფრო ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე ძალადობის მსხვერპლს.

ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე.

გთხოვთ, ნუ დაელოდებით კიდევ ერთ თავდასხმას. ნუ დაელოდებით უფრო მძიმე შედეგს“, – წერს ის.

ტელეწამყვანის პოსტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, დროულად გამოიძიოს თავდასხმები და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

„აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში ყოველ საღამოს თავს ესხმიან, ემუქრებიან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტმა დღეს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცები მას ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავენ და დაჭრით ემუქრებიან. ჟურნალისტი წერს, რომ მას მსგავსი თავდასხმების ამსახველი კიდევ არაერთი ვიდეო აქვს.

ჟურნალისტის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ჩანს, რომ კობა ფარტენაძე რეგულარულად მიმართავს პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა პრობლემა არ გვარდება.

თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. ის წერს: „ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე.“

ჟურნალისტმა „აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავმდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.

ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“, – წერს ქარტია.