ეს ქარხანა დაეხმარება სომხეთს, გადაიქცეს AI ინოვაციების რეგიონულ ჰაბად – სომხეთში აშშ-ის საელჩო Firebird AI-ის საწარმოს გახსნაზე

პუბლიკა

„Firebird AI-ის ქარხნის გახსნით, სომხეთში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება“, – ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩო ქალაქ ჰრაზდანში ხელოვნური ინტელექტის საწარმოს გახსნას, რომელსაც სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დევიდ ალენი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ჟასლან მადიევი ესწრებოდნენ.

„4 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია სომხეთში უახლეს ამერიკულ ტექნოლოგიებსა და AI ინფრასტრუქტურას შემოიტანს, რაც ქვეყანას დაეხმარება, რომ გადაიქცეს მონაცემთა ცენტრების, ღრუბლოვანი გამოთვლებისა და AI ინოვაციების რეგიონულ ჰაბად“, – წერს ამერიკის საელჩო სომხეთში.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დევიდ ალენის თქმით, Firebird AI-ის ქარხნის გახნსა აშშ-სომხეთის იმ მზარდი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომელიც ეფუძნება 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის იმპულსს და იქ ხელმოწერილ აშშ-სომხეთის სამ ისტორიულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების ინოვაციების შესახებ.

Firebird AI-ის ქარხანა ჰრაზდანში 8 აგვისტოს გაიხსნა, NVIDIA-ს განცხადებით, მათი მიზანია, რომ AI, რომელიც ხელმისაწვდომია გლობალურად, ასევე დაეხმაროს ადგილობრივ დეველოპერებს, სტარტაპებს, საწარმოებს, უნივერსიტეტებსა და საჯარო დაწესებულებებს, რათა შექმნან და გააფართოონ AI საკუთარ ქვეყანაში.

„Firebird გეგმავს 2027 წლის ბოლომდე სომხეთში განათავსოს 70 000-ზე მეტი NVIDIA Rubin-ისა და Blackwell-ის ვიდეობარათი (GPU) და 300 მეგავატი სიმძლავრის AI ინფრასტრუქტურა, რაც დააჩქარებს ქვეყნის განვითარებას AI კვლევების, მოწინავე გამოთვლებისა და ინოვაციების ცენტრად.

„ჩვენი მიზანია, მომდევნო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრე ავაშენოთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევიდეთ ახალ, პერსპექტიულ  ბაზრებზე“, – განაცხადა Firebird-ის თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე იესაიანმა.