შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებთან ერთად დღეიდან იმ ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ, საიდანაც, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს გურამ დადიანიძე გაუჩინარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება,” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყებამ დღეს, 10 აგვისტოს დილას განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და ატვირთა.
შსს-ს განცხადებით, გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, შუადღის 15:00 საათის პერიოდში, ხოლო დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს 2014–2017 წლებში გამოძიება და სამძებრო სამუშაოები არ ჩატარებულა – მათი თქმით, საქმე 2014 წელსვე აღიძრა, შეიქმნა სამძებრო საქმე და შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა.
უწყების ცნობითვე, გამოძიება გრძელდება და ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
გურამ დადიანიძის დედა უკვე 12 წელია შვილს უშედეგოდ ეძებს.
„რომელი ლოცვა წავიკითხო, ცოცხალი ვთქვა, თუ მკვდარი“ – 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა მოითხოვს, რომ ნებართვა მისცენ და გაითხაროს წლების წინ დამეწყრილი ადგილი, სადაც შესაძლოა მისი შვილის ცხედარი იყოს. გურამი 2014 წელს 17 წლის იყო. ახალგაზრდა კაცის დედამ ამაზე გადაცემაში „შენი ამბავი“ თაიასთან ისაუბრა.
სოფიო ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს.
2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ექსკურსიაზე ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რომელთაც თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი.
როგორც წლების წინანდელ ინტერვიუში გურამთან მყოფი პირები ჰყვებიან, ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა.
როდესაც ის ქვემოთ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა, მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა გურამის ძებნა დაიწყეს.
დედის თქმით, ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ მას გზა აერია და ჰკითხეს, შემთხვევით ხომ არ მისულა მასთან.
დედის ვერსიით, ბავშვებმა გამომძიებელი შეცდომაში შეიყვანეს და მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე კი არ ჩამოჯდა, არამედ მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა, შესაძლოა მას ფეხი დაუცდა, ჩავარდა და იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.
როგორც დედა ჰყვება, ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ თავის დროზე გამოძიების ფარგლებში ადგილზე სამძებრო-სამუშაოები ჩაატარეს და მიწას დანადგარიც გადაატარეს, თუმცა სოფიო ბიბილაშვილის თქმით, ის მოატყუეს.