„გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია „გლოვოს“ კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს, ხოლო კიდევ ორი ბრალდებული, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, 13 აგვისტოს დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 7 აგვისტოს გაავრცელა დაზარალებულის ადვოკატმა, იაკო კვანტალიანმა.

„შეკვეთა მიიტანა ყაზბეგის გამზირზე. დატოვა [შეკვეთა], გამოვიდა და იქვე არასრულწლოვანთა ჯგუფი ბუჩქებთან რაღაცას ეძებდა, 99%-ით ყველა არასრულწლოვანი იყო. მოულოდნელად და უმიზეზოდ დაესხნენ თავს, შენ აქ რა გინდაო, ჩვენ კრიმინალები ვართო. კეფაში სწვდნენ, თავი არტყმევინეს ასფალტზე, ტელეფონიც წაართვეს”, – წერდა კვანტალიანი.

მისივე განცხადებით, დავით დვალიშვილს მრავლობითი დაზიანებები აქვს თავის არეში, აღენიშნება მრავლობითი დაჟეჟილობა, გატეხილი აქვს ცხვირი.