97 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის ვადის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
„სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარების გახანგრძლივებას. მათი თქმით, მიზეზი ანტიკრიზისული გეგმის არარსებობაა. ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში არ გამოცხადდა და გეგმა არ გააცნო პარლამენტარებს. ოთარ კახიძის განცხადებით, პარლამენტსა და საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად.
როგორც გუშინ, 21 აპრილს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შმდეგ გახდა ცნობილი, პარასკევს, 24 აპრილს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება – ეს არის მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა; ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. როგორც მან აღნიშნა, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.