კომუნიკაციების კომისია 2026 წლის მე-2 კვარტლის შემოსავლების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 46.7%-ით გაიზარდა. ჯამურმა შემოსავალმა 25.8 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი კომერციული შემოსავალი პროსამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მიიღო – 9 750 714 ლარი. მეორე ადგილზე გადაინაცვლა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა პროსამთავრობო „იმედმა“ – 8 056 696 ლარით. მესამე ადგილზეა „TV პირველი“ – 1 378 023 ლარით, ხოლო მეოთხეზე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსამთავრობო „პოს TV“ – 1 177 501 ლარით.
კომუნიკაციების კომისიამ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია დაფინანსების იმ წყაროების შესახებ, რომლებმაც 2026 წლის II კვარტალის (აპრილი-ივნისის) განმავლობაში 7000 ლარზე მეტი გადაიხადეს. მათ შორისაა მონაცემები დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედისა“ და პოს TV-ის“ შემოსავლების შესახებ.
„იმედის“ სარეკლამო დამკვეთებს შორისაა რუსეთში რეგისტრირებული 3 კომპანია – FERRERO RUSSIA, Orimi Trade LLC და კოლგეიტ პალმოლივი.
გარდა ამისა „იმედის“ სარეკლამო დამკვეთებს შორისაა სლოვაკეთში, უნგრეში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთსა და კორეაში რეგისტრირებული კომპანიები.
ქართულ კომპანიებს შორის არიან: „RMG Copper“, „ავერსი ფარმა“, „არქი პრომოუშენ“, „გორგია“, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „მეამა“, „ნესტლე საქართველო“, „პსპ ფარმა“, „სილქნეტი“, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, „სუფთა სახლი“, „თეთრი კვადრატი“, „ორბი ჯგუფი თბილისი“, „ჯორჯიან ეარვეისი“ და სხვა.
პოს TV-ის სარეკლამო დამკვეთია ჯამში 12 კომპანია – მათ შორისაა „მეამა“, „ნესტლე საქართველო“ და „სილქნეტი“.
ცნობისთვის, 22 ივნისს ბრიტანული გამოცემა City A.M. წერდა, რომ შვეიცარიულმა კომპანია „Nestle-მ“ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეკომპანია „იმედთან“ კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო.
2026 წლის II კვარტლის განმავლობაში სანქცირებული „იმედის“ შემოსავლები:


2026 წლის II კვარტლის განმავლობაში სანქცირებული „POS TV-ის“ შემოსავლები:

დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები 24 თებერვალს დაუწესა.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.
ორივე მათგანის შესახებ წერია:
„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთი.
სანქციების თანახმად, ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება:
- აქტივების გაყინვა;
- სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა;
- დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა:
აქტივების გაყინვა ნიშნავს, რომ იბლოკება პირის ყველა საბანკო ანგარიში, ქონება და ფინანსური რესურსი და მას მათზე წვდომა აღარ აქვს.
სატრასტო მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციები კრძალავს სანქცირებული პირისთვის სატრასტო მომსახურების გაწევას, მაგალითად, ქონების მართვას სხვისი სახელით. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლის გზების ჩაკეტვას. შედეგად, სანქცირებული პირი ვერ გამოიყენებს იურიდიულ სტრუქტურებს (სატრასტო ფონდებს), რათა მესამე პირების მეშვეობით დამალოს თავისი რეალური აქტივები ან მართოს ქონება ისე, რომ მისი სახელი პირდაპირ არ ფიგურირებდეს.
დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა: ეს სანქცია უკრძალავს პირს, იყოს ნებისმიერი კომპანიის დირექტორი ან მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში. თუ პირი უკვე არის რომელიმე კომპანიის დირექტორი, ის იძულებულია დატოვოს პოსტი.
სანქციები ტელეკომპანიების შემთხვევაში იმუშავებს ასე:
- ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
- არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
- ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.
ტეკლეკომპანია „იმედი“ წინა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ 6 თებერვალს 1000 ლარად გაყიდა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის მყიდველია „პრაიმ მედია გლობალი“, რომლის დირექტორიც ილია მიქელაიშვილია. შეთანხმებით, მყიდველი იღებს ვალდებულებას, უახლოესი 3 თვის ვადაში კომპანიის 50% გადავიდეს არხის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში. როგორც ლომიძე, ისე ვასილ კალანდარიშვილი, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩოგიშვილი მიიღებენ 10-10 პროცენტს.
რაც შეეხება POSTV-ს – მის 24-24%-იან წილებს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ, ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს 52%-ს. მის წილებს ამჟამად ზაზა მარიდაშვილი მართავს.