პროკურატურამ გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლს ბრალი წარუდგინა. ავარიის შედეგად 4 ტურისტი გარდაიცვალა, ხოლო 16-მა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარედგინა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს.