ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის უფროსმა ინსტრუქტორმა ელბეკ ალბასტოვმა მედიასთან განაცხადა, რომ უნივერსიტეტს ჩინელი „სპეციალისტები“ რეგულარულად სტუმრობენ. ინსტრუქტორს ვიზიტების კონკრეტული მიზანი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სპეციალისტებს მათი „აბსოლუტურად უნიკალური, რეალური საბრძოლო გამოცდილება“ აინტერესებთ.
ინსტრუქტორმა ალბასტოვმა 14 აგვისტოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Grozny-Inform-თან განაცხადა, რომ ჩინურ მხარესთან თანამშრომლობა მუდმივ ხასიათს უკვე ატარებს. მას არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყო ვიზიტები, ჩინეთის რომელი დანაყოფები ან უწყებები აგზავნიან წარმომადგენლებს ჩეჩნეთში ან რამდენ ადამიანს აქვს გავლილი იქ სწავლება.
„დიახ, ჩინელი კოლეგები ჩვენი ხშირი სტუმრები არიან. ეს უკვე ჩამოყალიბებულ, სტაბილურ და ძალიან კარგ ტრადიციად იქცა. რაც შეეხება მათ შთაბეჭდილებებს – გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი აბსოლუტურად აღფრთოვანებულები არიან“, – თქვა ალბასტოვმა.
მისი თქმით, ჩინელი სპეციალისტები განსაკუთრებით აფასებენ სწავლების პრაქტიკულ მხარეს.
„მთავარი, რასაც ისინი აღნიშნავენ და რის გამოც ისევ და ისევ ბრუნდებიან, არის ჩვენი აბსოლუტურად უნიკალური, რეალური საბრძოლო გამოცდილება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თეორიის ან სახელმძღვანელოების საშუალებით შეიძლება საფუძვლების შესწავლა, თუმცა ტაქტიკის ნიუანსები, თავდასხმის ოპერაციები, უპილოტო საფრენი აპარატებთან მუშაობა და ტაქტიკური მედიცინა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, დღეს მსოფლიოში სხვაგან შეუძლებელია“, – თქვა ალბასტოვმა.
მისივე თქმით, მსგავსი პროგრამების ინიციირება შესაძლებელია როგორც უცხო ქვეყნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, ისე ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მხრიდან.
ალბასტოვის განცხადებით, ბოლო წლებში უნივერსიტეტის პროგრამების მიმართ უცხოელი სპეციალისტების ინტერესები შეიცვალა. თუ ადრე მთავარი აქცენტი სროლაზე კეთდებოდა, ახლა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორისაა უპილოტო სისტემები, ტაქტიკური მედიცინა, ზუსტი სროლა და ტაქტიკური და სპეცდანიშნულების მომზადება.
მისი თქმით, განსაკუთრებით პოპულარულია უპილოტო საფრენი სისტემების კურსები, რომლებიც მოიცავს ყველაფერს – სადაზვერვო საქმიანობიდან დაწყებული, FPV დრონების მართვითა და ელექტრონული ბრძოლის სისტემებთან დაპირისპირების ჩათვლით.
ალბასტოვს არ დაუკონკრეტებია, გაიარეს თუ არა ჩინელმა სპეციალისტებმა კონკრეტულად ეს კურსები. ასევე უცნობია, სტუმრობდნენ თუ არა გუდერმესს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის წევრები ან უსაფრთხოების სხვა უწყებების წარმომადგენლები. ალბასტოვის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტს სხვადასხვა არხით იმყოფებოდნენ. უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლების მომზადების გარდა, უცხოელებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ან გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღონ ტაქტიკური სროლის შეჯიბრებებში და გაიარონ სერტიფიცირებული კურსები ზუსტ სროლაში, ტაქტიკურ მედიცინასა და პარაშუტით მომზადებაში.
ახლო მომავალში გუდერმესში დაგეგმილია უსაფრთხოების დანაყოფებს შორის ტაქტიკურ სროლაში მე-13 საერთაშორისო ღია ჩემპიონატის ჩატარება. ალბასტოვის თქმით, ტურნირში მონაწილეობას ომანისა და ქუვეითის გუნდებიც გეგმავენ.
რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი გუდერმესში 2013 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი ამზადებს უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებს, სპორტსმენებსა და სამოქალაქო პირებს. 2024 წლის აგვისტოში უნივერსიტეტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია, რის შემდეგაც სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა.
ბოლო წლებში უნივერსიტეტი ასევე გახდა ერთ-ერთი ცენტრი რუსი ჯარისკაცების მოსამზადებლად უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში გაგზავნამდე. „Грозный-информ“-ის ცნობით, ჯგუფები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გუდერმესში თითქმის უწყვეტად ჩადიან.
მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ბოლოს 200-მდე რუსმა სამხედრომ გაიარა მომზადება ჩინეთში. ევროპული დაზვერვის სამი სამსახურისა და სააგენტოს მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, სწავლება მოიცავდა დრონების გამოყენებას, რადიოელექტრონულ ბრძოლას, არმიის ავიაციასა და მოტოპროფილურ ქვეითთა ტაქტიკას. შეთანხმების ფარგლებში, ასობით ჩინელ სამხედროსაც უნდა გაევლო მომზადება რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
შეთანხმების თანახმად, ასობით ჩინელ სამხედრო მოსამსახურეს ასევე უნდა გაევლო მომზადება რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში რუსი სამხედროების მომზადების შესახებ შეთანხმებას 2025 წლის ივლისში, პეკინში, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთში გადამზადებული ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი, შესაძლოა, შემდგომში დაბრუნდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში საბრძოლველად.
Reuters-ის თანახმად, რუს სამხედროებს ასწავლიდნენ FPV დრონებისა და სხვა უპილოტო სისტემების მართვას, ნაღმტყორცნების გამოყენებასა და სამიზნეების დასადგენად UAV-ების გამოყენებას, დრონებთან ბრძოლას, ელექტრონული ომის წარმოებასა და ნაღმების გაწმენდას. სააგენტოს მიერ შესწავლილ ერთ-ერთ ანგარიშში ასევე საუბარი იყო დრონების ოპერატორების მომზადებისთვის ჩინური სიმულატორების გამოყენებაზე.
ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით „ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას“ ინარჩუნებს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს უჭერს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ