ფაშინიანის მუსიკალური ფესტივალი „ვარჩაფესტი“ სევანში გაიმართება

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „ვარჩაფესტი“ – ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის განკუთვნილი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მუსიკალური ფესტივალი 21-22 აგვისტოს სევანში გაიმართება. ღონისძიების დასაფინანსებლად სომხეთის ბიუჯეტიდან თითქმის 179 მილიონი დრამი ($500 000) გამოიყო.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეს კულტურული ღონისძიება იმ ინიციატივების ნაწილია, რომლებიც ფაშინიანმა 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წამოიწყო. კრიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის იმიჯის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების სფეროში არსებული მწვავე პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. ამასთან, კითხვები არსებობს ორგანიზატორების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც.

ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ფესტივალი Sevan Festival City-ში გაიმართება. ამასთან, მატარებელი, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ სევანის შორჟას სადგურამდე მიდის, ამჯერად მარშრუტს გააგრძელებს და სტუმრებს ერევნიდან ფესტივალის ტერიტორიამდე და უკან გადაიყვანს.

ივლისის ბოლოს, როდესაც მთავრობა „ვარჩაფესტისთვის“ თანხის გამოყოფის საკითხის დასაბუთებაზე მსჯელობდა, ფაშინიანმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ზოგადად, პოლიტიკურ თავისუფლებასა და დემოკრატიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და ერთ-ერთი ასეთი გავლენა კრეატიულობის, მათ შორის ახალგაზრდებში კრეატიულობის განვითარებაა“, – განაცხადა მან.

„ვარჩაფესტის“ ვებგვერდზე ფესტივალი აღწერილია, როგორც ღონისძიება, რომლის მიზანია „ახალგაზრდა ბენდების აღმოჩენა და მხარდაჭერა, ცოცხალი მუსიკის განვითარება და ყოველწლიური კულტურული ტრადიციის შექმნა, რომელიც სომხეთის მუსიკალურ სცენას გააცოცხლებს“.

ახალგაზრდა არტისტები ასევე 10 მილიონი დრამის ($28 000) საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ, რომელიც ოთხ გამარჯვებულზე გადანაწილდება.

„ვარჩაფესტი“, რომლის სახელწოდებაც ნაწილობრივ მომდინარეობს სომხური სიტყვიდან „პრემიერ-მინისტრი“, ფაშინიანის ინიციატივით შეიქმნა და მისი აქტიური მხარდაჭერით იმართება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი სახელმწიფო ფესტივალი, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლებამ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააფუძნა.

2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ფაშინიანმა „მოქალაქის დღე“ ოფიციალურ უქმედ დააწესა. ეს დღე, რომელიც, როგორც წესი, აპრილის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება, სომეხი ხალხისა და რევოლუციის პატივსაცემად შეიქმნა. მისი ჩატარების პირველ წელს მთავრობამ ღონისძიებებისთვის დაახლოებით 124 მილიონი დრამი ($340 000) გამოყო.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2023 წლიდან მუსიკალურ ფესტივალ „FESTIVAR-ს“ ატარებს. პოპულარული ფესტივალის ფარგლებში სომხეთის სხვადასხვა რეგიონში უფასო კონცერტები იმართება და ქვეყნის მასშტაბით ცნობილი არტისტები მონაწილეობენ. 2026 წელს მთავრობამ გორისსა და თალინში „FESTIVAR-ის“ ჩასატარებლად 152 მილიონი დრამი ($420 000) გამოყო.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.