პოლიტიკო: რეტკლიფმა მოსკოვი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციისგან

პუბლიკა

გამოცემა Politico-ს ცნობით, რომელიც საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსი ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრებთან – განსაკუთრებით ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან – ესკალაციას მოერიდოს.

რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში 25 აგვისტოს ჩავიდა.

„შეხვედრის მთავარი მიზანი რუსეთის გაფრთხილება იყო, რათა მან თავი შეიკავოს  ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი ესკალაციური ქმედებისგან“, – განუცხადა Politico-ს წყარომ.

აგვისტოს დასაწყისში Wall Street Journal წერდა, რომ ამერიკული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ნატო-ს მტკიცე პოზიცია ალიანსის წევრზე შეზღუდული თავდასხმით უკვე ამ შემოდგომაზე გამოსცადოს. ეს შეფასება განსხვავდებოდა აშშ-ის ადრინდელი მოლოდინებისგან, რომელთა მიხედვითაც ნაკლებად სავარაუდო იყო მოსკოვს ნატო-ზე მიეტანა იერიში, სანამ მისი სამხედრო ძალები უკრაინაში მძიმე ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი.

ვიზიტი უკრაინის მხარდამჭერი ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ქმედებების გამო გაზრდილი შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს. მოსკოვი არაერთხელ დაემუქრა კიევის მხარდამჭერ დასავლურ მთავრობებს, ამასთან, რუსეთს წლებია ადანაშაულებენ ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ კიბერშეტევების, დივერსიებისა და სხვა ჰიბრიდული ოპერაციების გამოყენებაში.

ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის თანახმად, შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ერთ წევრზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე.