NAEC: 1795 აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ პროგრამაზე

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აცხადებს, რომ 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

NAEC-ის განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ არჩეული და კონკურსის გამო მიღებული ქულები ჩარიცხვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში“, – აცხადებს NAEC და აღნიშნავს, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიღებული ქულების გათვალისწინებით, პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეიტანონ – შეცვალონ პრიორიტეტები ან დაამატონ ახალი საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები. ცენტრის განცხადებით, ეს ჩარიცხვის შანსს ზრდის.

„აბიტურიენტს აქვს საშუალება, თავის პირად გვერდზე, რეიტინგულ სიაში შეუზღუდავად შეიტანოს საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ დროს, იმისდა მიუხედავად, რომ აბიტურიენტს თითოეული საგნისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული აქვს, ის ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე.

გაცნობებთ, რომ 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან:

• 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
• 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო;
• 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

NAEC-ის რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო, არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ ცნობარის ჩამონათვალში არსებული სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის  უფლება მოიპოვა ჯამში 34 150-მა აბიტურიენტმა.

საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).