„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება“, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „საპატრიარქოს უწყებანს“ განუცხადა.
საპატრიარქოს გამოცემის ცნობით, მათ ჯაღმაიძეს კომენტარი სთხოვეს „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე“.
8 სექტემბერს რუსულ არხებზე ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი“, რომელსაც „ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ბესიკ დანელიამ“ და ქართველმა „მოხალისეებმა“ „ჰუმანიტარული მისიის“ ფარგლებში დახმარება გაუწიეს.
„ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში ჩვენს ძმებთან, რომლებიც წინა ხაზზე იცავენ სამშობლოს. მებრძოლებს მოვუტანეთ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაეხმარებათ“, – თქვა დანელიამ რუსულ მედიასთან საუბარში.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს:
„უპირველესად აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხრიდან იღუპება მართლმადიდებელი მოსახლეობა, რასაც დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს. ჩვენ ვლოცულობთ და შევთხოვთ წმინდანებს, მათი მეოხებით უფალმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინას, რუსეთსა და მთელ მსოფლიოს. ასეთ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის ან მისი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება, წმინდა მამის ღვაწლი და ცხოვრება ხომ სრულად მიძღვნილი იყო უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს რწმენისადმი, ადამიანთა შორის სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ქადაგებისადმი.
შეშფოთებასა და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს.
ჩანს, ამ ინიციატივის ავტორები ცუდად იცნობენ წმინდა გაბრიელის ცხოვრებას. ამ ფონზე აღნიშნული ქმედება აღიქმება, როგორც მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს“, – თქვა მან.