დამსაქმებლებს გირჩევთ, შეუქმნათ სათანადო პირობები, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში – ზახაშვილი

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ფეისბუქგვერდზე ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ თვითმონიტორინგი ან მონიტორინგი დამსაქმებლის მიერ არის ერთ-ერთი კარგი პრევენციული საშუალება.

„რაც ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებელმა  უნდა აკონტროლოს თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამაში რთული და შეუძლებელი არაფერია და თუ ამას დავნერგავთ ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ კოვიდის დროს, არამედ  მაშინ, როდესაც ზამთრის სეზონზე მატულობს სხვა რესპირაციული ინფექციების რისკი და  შესაძლებლობა, რომ ერთმა დაავადებულმა გამოიწვიოს მთელი სამსახურის მწყობრიდან გამოყვანა“,  – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მან დამსაქმებლებს ურჩია, რომ სათანადო პირობები შეუქმნან დასაქმებულებს, რათა დაავადებულებმა, არ იარონ სამსახურში.

„ნუ დაჩაგრავთ მათ, თუკი დაავადების გამო დარჩებიან სახლში, თუნდაც ეს არ იყოს Covid-19. გარწმუნებთ, ასე სჯობს. აცადეთ გამოჯანმრთელება, რაც არ უნდა იყოს ამ დაავადების მიზეზი, თუნდაც იყოს სხვა რესპირაციული მიზეზი, გარწმუნებთ, ასე სჯობს. დამსაქმებლები თუ უფრო მეტად იზრუნებენ დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, მხოლოდ და მხოლოდ წაადგებათ. იმიტომ რომ ერთი Covid-19 -ით დაავადებული შეიძლება გახდეს მათი საქმიანობის, ბიზნესის დროებით შეჩერების ან შეფერხების მიზეზი. გირჩევთ, რომ შეუქმნათ სათანადო პირობები იმისთვის, რომ დაავადებულებმა არ იარონ სამსახურში,” – განაცხადა ზახაშვილმა.