ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი: „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ანექსია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა

პუბლიკა

ევროსაბჭოს „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა.

„ასეთი ანექსია საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში და მიუღებელი დარღვევაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

SOC-ის შეფასებით, რუსეთის ქმედებები მოსკოვის უფრო ფართო მცდელობების ნაწილია, გაავრცელოს კონტროლი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე.

პოლიტიკური ჯგუფი ამ კონტექსტში უკრაინის დონბასსა და ყირიმს, მოლდოვის დნესტრისპირეთსა და საქართველოს აფხაზეთს ასახელებს.

„კავკასიასა და მთლიანად ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.