აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შალვა პაპუაშვილმა 21 სექტემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისევ ისაუბრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით. არმაზ ახვლედიანს „რადიკალი ოპოზიციონერი“ უწოდა და ევროსაბჭოს ქართული ოფისის მიმართ ბრალდებები გააჟღერა. მისი თქმით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს კანონის გვერდის ავლასთან, რასაც აუდიტის სამსახური შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიცვალოს კანონმდებლობაც.

„შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მანამდე. შეგახსენებთ, როცა ვიღებდით გრანტების შესახებ კანონს, თავდაპირველ ვერსიაში იყო ვალდებულება, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც უნდა ჰქონოდა მთავრობის თანხმობა.

ვთქვათ, რომელიმე ორგანიზაცია თავად თუ მოაწყობდა კონფერენციას ან რამე მსგავს ღონისძიებას, შემდეგ იყო თხოვნა საელჩოების მხრიდან, რომ საჯარო დიპლომატია საელჩოს საქმიანობაა, რომ, მაგალითად, საფრანგეთმა უნდა გააცნოს საქართველოს ფრანგული კულტურა, კულინარია, ესეც ხარჯებია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდეს. შემდეგ კანონის ვერსიაში აისახა, რომ თუ ხარჯი პირდაპირია ამას თანხმობა არ სჭირდება.

თუმცა მაშინვე ვეუბნებოდით – ოღონდ იცოდეთ, რომ ეს ეხება საქმეს, რომელიც უშუალოდ საელჩოს და ორგანიზაციის საქმეა და იმედია, არ გამოიყენებთ გვერდის ასავლელად. მე ეჭვი მიჩნდება ბახმაროს შეხვედრაზე, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან.

ამაზე ჩვენ სხვა დროსაც გვქონდა საუბარი. მოდიოდა ხმები, რომ იყო გვერდის ავლის სქემები. კერძოდ, მე რაზეც მაქვს ეჭვი, თუკი მანამდე ევროსაბჭო აძლევდა გრანტს რადიკალი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის პროექტს, ახლა განმარტებებიდან ასე ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს, მაგრამ პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, იქირავა ავტობუსი, გადაიხადა კვების ფული და მომხსენებლებს გადაუხადა ფული. თუკი ასეა, აშკარაა რომ კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. კანონში არის ნორმა, რომ თუკი ხელშეკრულება თავისი დასახლებით არის არა გრანტი, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით არის გრანტი, მაშინ ეს არის თვალთმაქცური გარიგება, ჩაითვლება გრანტად და მოქმედებს იგივე პრინციპები.

ვნახოთ, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს ეს ყველაფერი. სკანდალი იქნება თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი აღმოჩნდება ამაში გარეული. ეს იქნება კატასტროფული სკანდალი. ამიტომაც, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. იმიტომაც არსებობს აუდიტის სამსახური, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ თუ ეს ასეა, შეიძლება საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.