რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ბაღის ბავშვების ინტოქსიკაციის საკითხი გამოკვლეულად ჩაითვალოს

პუბლიკა

18 სექტემბერს თბილისის 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბავშვების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ „შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.“

საგამოძიებო სამსახურის ინფომრაციით, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მოკლველა დაიწყო, პირველადი ვერსიით ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვებიდან შესაბამისი ნიმუშები უკვე აიღო. კვლევის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საზოგადოებისთვის მომხდართან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ცხადი არ არის.

„პუბლიკამ“ შეკითხვით მიმართა ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ბაღის ბავშვების ინტოქსიკაციის საკითხი გამოკვლეულად ჩაითვალოს?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი 4 ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, პირველ რიგში, მისი შეფასებით, უნდა ჩატარდეს ყველა ჰოსპიტალიზებული ბავშვის გამოკვლევა, ასევე, თუნდაც შერჩევით უნდა გამოიკვლიონ უსიმპტომო ბავშვების ნიმუშები, ამასთან ერთად, უნდა იქნას გამოკლვეული საოჯახო კონტაქტები. ეს ინფორმაცია კი უნდა მიეწოდოს ფართო საზოგადოებას.

როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს,  თუ ეს არის ნოროვირუსი, ის ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. 100-ზე მეტი ბავშვია, რომლებმაც საავადმყოფოს უკვე მიმართა, შესაბამისად მათ უკან ძალიან ბევრი არაჰოსპიტალიზებული მსუბუქი სიმპტომების მქონენიც უნდა იყვნენ. ინფექციონისტის შეფასებით ინფორმაცია უნდა იყოს მათ შესახებაც მოკვლეული, თუ რამდენს აღენიშნებოდა მსუბუქი სიმპტომები.

მისივე შეფასებით, ფაქტობრივად, ასობით ბავშვზე ვლაპარაკობთ, რომელთა კონტაქტები ძალიან დიდი ჯაჭვი შეიძლება იყოს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ამ შემთხვევაში უკვე ნოროვირუსის სერიოზული აფეთქება უნდა გვქონდეს  და ბევრი ადამიანი უნდა იყოს ამ ბავშვების გარდა ინფიცირებული. რის შესახებაც დარგის სპეციალისტებს და საზოგადოებას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ნოროვირუსთან, ჩვენ ვერაფერს ვერ გვეუბნება. იმიტომ, რომ თუ ნოროვირუსი აღმოჩნდა მაგალითისთვის 7-10 ნიმუშში, ეს ეპიდაფეთქებას ვერ განმარტავს, რადგან ზაფხულია, ნოროვირუსი ისედაც გავრცელებულია და ბავშვების ნაწილის ანალიზებში შეიძლება ისედაც ყოფილიყო, კურორტებიდან ჩამოსულებს შეიძლება ისედაც ჰქონოდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს ნოროვირუსი, ამით საკითხი ამოწურული არ არის, ან ძალიან ბუნდოვანია. უნდა მიმდინარეობდეს ე.წ. დეტალური ეპიდკვლევა, რომელსაც თავისი წესები აქვს, გაწერილი სტანდარტები. შეიძლება ამას აკეთებენ კიდეც, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ საზოგადოებასთან და ექიმებთან კომუნიკაცია არ აქვთ. ერთი განცხადების გარდა, არაფერი არ მოგვისმენია და ის განცხადება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ, როგორ მიმდინარეობს ეპიდაფეთქების კვლევა“,- განმარტავს მაია ბუწაშვილი.

მისივე შეფასებით, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი კიდევ ერთ შეკითხვაზე,- საიდან მოხვდა ნოროვირუსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაღების ბავშვების ორგანიზმში?

„ანუ თუ არის მცდელობა, რომ ყოველივე ეს გამოჩნდეს როგორც სტანდარტული ვირუსული ინფექცია, ასე ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ნოროვირუსის აფეთქებები​, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დაწესებულებებში, ერთი და იმავე დღის სიმპტომების გამოვლენით არ ხდება. ფაქტია, რომ რაღაც საერთო წყარო დაინფიცირდა. ერთადერთი, რაც თავში ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, ეს წყარო არის მაინც საკვები“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.

მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი – საკვები როგორ დაინფიცირდა ნოროვირუსით?

როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს, თუ მართლაც ნოროვირუსთან გვაქვს საქმე, მაშინ საკვების ინფიცირების ერთადერთი წყაროა ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სადისტრიბუციო ქსელში მუშაობს და ისეთ საკვებთან აქვს შეხება, რომლებიც მერე თერმულად არ მუშავდება, მაგალითად, რძის პროდუქტები.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებმა, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა უპასუხონ ამ შეკითხვას, თუ როგორ მოხვდა ვირუსი საკვებში.

„თუ არ არის ეს საკვები, მაშინ სხვა დამაჯერებელი არგუმენტი უნდა მოვისმინოთ, რომელიც რეალურად არ არსებობს, თუ როგორ შეიძლება 20-ზე მეტ ბაღში, 100-ზე მეტ ბავშვს ერთ დღეს დაეწყოს ნოროვირუსის სიმპტომები. იმ ბავშვებს, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონიათ. არ არის ამაზე ინფორმაცია“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თვითონ პაციენტებისგან არის უამრავი კითხვა ექიმების მისამართით თუ როგორ მოიქცნენ, ბავშვი წავიყვანონ თუ არა საბავშვო ბაღში? თბილისის სხვა ბაღები არის თუ არა უსაფრთხო?

„სამწუხაროდ, ჩვენ რიგითი ექიმები, ამაზე პასუხებს ვერ ვიძლევით. რეალურად მაინც არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, გრძელდება თუ არა რისკი. ამიტომ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყოს ამ პუნქტებზე პასუხები. ჩვენ ყველას გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, პაციენტებთან და პასუხებს ვერ ვცემთ მათ ამ კითხვებზე. ბევრი დეტალია რომლებზეც მკაფიოდ უნდა იქნას კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რასაც ვერ ვხედავ“,- ამბობს მაია ბუწაშვილი.

******

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდებაზე ცალკე ტენდერები ცხადდება, რომლებსაც ცენტრალური შემსყიდველი ორგანო აცხადებს.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელი.

მაგალითად, არსებული მონაცემებით, ყველის მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „რიო ყველთან“ არის გაფორმებული, ხოლო კვერცხს თბილისის ბაგა-ბაღებს შპს „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ აწვდის.

ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, რომ ბაღებში რძის პროდუქტები, როგორებიცაა რძე, არაჟანი, ხაჭო და მაწონი ინდმეწარმე მანანა ღვინცაძეს შეაქვს.