თბილისის მერი კახა კალაძე „დეზერტირების ბაზრობის“ გარემოვაჭრეების პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მოუწოდა ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს შესაბამისი სივრცის გამოყოფა, რათა მოვაჭრეებმა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება.
კახა კალაძის მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.
„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და არ დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე, რეაბილიტაციაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში ალტერნატივის გარეშე დატოვებას.
იქ არიან ადამიანები ვისაც უჭირს, ყოველდღიურად შრომობს და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა.
ვაცხადებ, რომ მათ ჩვენი მხრიდან ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა. კერძო საკუთრებას არ ვეხებით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. რასაც რეაბილიტაცია უტარდება ეს ხომ ადამიანებისთვის კეთდება, ამიტომ მივმართავ ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე გამოიყოს საქმიანობის გასაგრძელებლად რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ ყველაფრის გარეშე“, – თქვა კალაძემ.
„დეზერტირების ბაზრობის“ გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ მათ ერთადერთ შემოსავალსა და საარსებო წყაროს ართმევენ.
გარემოვაჭრეებს გუშინ, 21 სექტემბერს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, გამგებლის განმარტებით, ბაზარს კერძო მფლობელი ჰყავს და მერიას ამ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა გელოვანისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ უშუალოდ დირექციასთან შეახვედრებს.
„შევხვდით დიდუბის რაიონის გამგებელს, ბატონ დავითს და ვთხოვეთ შუამდგომლობა ბაზრის დირექციასთან, უშუალოდ ვინც ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირია ყველაფერზე. მან გვითხრა, რომ რაც გარე სანიაღვრე სისტემას უკავშირდება და დეზერტირების ბაზარს რაც ხელს უშლის, ყველაფერს ჩვენ მოვაწესრიგებთო. პარასკევს გვექნება შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასთან, რას გვიპირებენ, რატომ არ იღებენ ჩეკებს, რა ხდება, სიტუაციას აგვიხსნიან“, – თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ „პუბლიკასთან“ საუბარში.
„ყველანაირ შეკითხვას გაურბიან და მხოლოდ ერთადერთი პასუხი აქვთ: არ ვიცი, არ ვიცი. ბაზარს კეტავ, მოვაჭრეს უშლი ვაჭრობას, აბა რა იცი? რისი ბაზრის თანამშრომელი ხარ თუ ეგ არ იცი, თვითნებურად თუ აკეთებ მაგას, მაგის უფლებაც ვინ მოგცა? და ჩვენ თუ ვითხოვთ მაგ ბაზარში მუშაობას, ეს ხომ დანაშაული არ არის?“, – ამბობს კიდევ ერთი გარემოვაჭრე.
შპს „თბილისი მოლმა“ 14 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული „კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
კომპანიის განცხადებით, „ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას.
გარემოვაჭრეები შიშობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უბრალოდ საბაბია და სინამდვილეში „ბაზრის დაკეტვა“ სურთ.