ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. „რძის სკანდალის“ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც რევაზ ვაშაკიძემ BMG-ს განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.
BMG-ის თანახმად, ვაშაკიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და „ჩირინამ“ ლაშა პაპაშვილის კომპანიას დაკისრებული 1.6 მილიონი ლარი გადაუხადა. მანამდე, 2025 წლის 7 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ჩირ ინას” საჩივარი „ყვარლის ბაგის” წინააღმდეგ – გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის – 3.1 მილიონამდე ლარის გადახდას.
ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ის საქართველოს პროკურატურას მიმართავს, ხოლო შემდგომში არ გამორიცხავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანას.
„მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია, სასამართლო ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი და მისი გადაწყვეტილებები სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებს ეფუძნებოდეს.
ჩვენ ჩვენი ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, თუმცა თბილისის სასამართლომ, ჩემი აზრით, არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, მტკიცებულებად მიიჩნია არასწორად აღებული სინჯები.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სასამართლომ კანონი დაარღვია. პრეტენზია მაქვს იმ მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს“, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან.
„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ყვარლის ბაგამ”, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა. გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ „ჩირინასგან” დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
ერთი წლის თავზე, „ყვარლის ბაგამ” განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად.
2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ „ჩირინას” სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „რადიო თავისუფლებამ” ჩამოთვლილ კომპანიებს ჰკითხა, ამოწმებდნენ თუ არა „ყვარლის ბაგიდან” მიღებული რძის ყველა პარტიას და რამდენჯერ აღმოაჩინეს მასში ანტიბიოტიკი? ასევე იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად.
კომპანია „სანტემ” „რადიო თავისუფლებას“ მიწერა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურდათ.
„სოფლის ნობათის” მფლობელმა კომპანია „პეპსიკომ” „რადიო თავისუფლებას“ მისწერა, რომ, „სამწუხაროდ, მაგ პერიოდის არქივი არ არის შენახული, კანონით, სამწლიანი ვადა ვრცელდება დოკუმენტების შენახვაზე. ზოგადად, თუ რძის ან ნებისმიერი ინგრედიენტის ხარისხი არ შეესაბამება „პეპსიკოს” დადგენილ სტანდარტსა და კანონმდებლობის მოთხოვნას, ჩვენი მხრიდან ასეთი ინგრედიენტი ხარვეზდება და წარმოებაში არ დაიშვება”.
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი იმ პერიოდში ევროპაში აკრძალულ საკვებს, ქათმის ნაკელს, იყენებდა ძროხების გამოსაკვებად, პეპსიკომ „რადიო თავისუფლებას“ მიწერა, რომ არა.
„აგროჰაბმა” „რადიო თავისუფლებას“ უპასუხა, რომ იმ პერიოდში რძეს ყიდულობდნენ “ყვარლის ბაგისგან”, არ იცოდნენ, რომ ძროხებს ნაკელს აჭმევდნენ.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში კლიენტებმა „ყვარლის ბაგის” რძეში დაახლოებით 10-ჯერ აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების კვალი, მაგრამ არა რძის ყველა შესყიდულ პარტიაში.
„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიება სრულად იხილეთ ბმულზე.