ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
OC Media-ს აზერბაიჯანში დაპატიმრებულმა კონტრიბუტორმა, ბაჰრუზ სამადოვმა, სასამართლო პროცესზე თვითდაზიანება სცადა.
ინფორმაცია OC Media-ს მისმა ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ დაუდასტურა.
ბაჰრუზმა პროცესის დროს ხელზე რამდენიმე ჭრილობა მიიყენა.
31 წლის ბაჰრუზ სამადოვი 2024 წელს დააკავეს. ის OC Media-სთვის მასალებს დაპატიმრებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა.
ინციდენტი დღეს, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოში სამადოვის საკასაციო საჩივრის განხილვისას მოხდა. სხდომას მოსამართლე ილქინ აბდულაევი უძღვებოდა. სხდომაზე სამადოვის ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სახელმწიფო ღალატის ბრალდების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ სამადოვმა რამდენიმე შუამდგომლობა თავადაც დააყენა, თუმცა სასამართლომ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა.
სამადოვი აზერბაიჯანელი მკვლევარი და აქტივისტია, რომელიც სომხეთთან მშვიდობის დამყარების აქტიური მხარდამჭერია. აზერბაიჯანში მშვიდობისკენ მოწოდებისთვის არაერთი ადამიანი დაუკავებიათ.
2025 წლის ივნისში ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ სამადოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი სასჯელი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც. ბაჰრუზ სამადოოვის საქმემ საერთაშორისო უფლებადამცველი და აკადემიური ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო – ისინი სამადოვს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩაუვარდა ხელში სამადოვს მჭრელი საგანი. მისმა ადვოკატმა ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ როგორ შეძლო მან ამ ნივთის მოპოვება უსაფრთხოების შემოწმების ფონზე, რომელიც ჩვეულებრივ სასამართლო დარბაზში შესვლამდე ტარდება.
ინციდენტის შემდეგ სხდომა მცირე ხნით შეწყდა, რის შემდეგაც ის გაგრძელდა.
2025 წლის ივნისში ბაჰრუზმა თვითმკვლელობა სცადა, მას შემდეგ, რაც პროკურორებმა განაცხადეს, რომ მისთვის 16 წლით პატიმრობის მისჯას მოითხოვდნენ. აგვისტოში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მძიმე პირობების გამო, რომელშიც ციხეშია, ბაჰრუზის მხედველობა უარესდება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.