ისანში 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები შეიკრიბნენ - სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

პუბლიკა

ისანში 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები შეიკრიბნენ.

ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი დაწყებიდან მალევე შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოიშალა.

მშობლები ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია, როდის და სად გააგრძელებენ მათი შვილები სწავლას.

„მთელი ზაფხული ხომ ჰქონდათ, თუ ავარიული იყო, ბათქაში ცვიოდა, ჭერი ჩამოდიოდა დაბლა, ბავშვები რატომ შეუშვეს ან ალტერნატივა რატომ არ მოძებნეს? ცოტა ადრე გაეშვათ ბავშვები და გაეკეთებინათ“, – განაცხადა ერთმა მშობელმა TV პირველთან.

„ერთი კვირაა, საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, არ ვიცით, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ ვთქვათ ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ, სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეორე მშობლემა.

მშობლების პროტესტის შემდეგ მათთან სკოლის დირექტორი გამოვიდა და რამდენიმე მშობელი შეხვედრაზე შეიყვანა. დირექტორმა მედიას კომენტარი არ მისცა, თუმცა განაცხადა, რომ სწავლა მომდევნო კვირიდან 103-ე სკოლაში გაგრძელდება.

„არ ვაკეთებ კომენტარს. ესენი ჩემი მშობლები არიან, ძალიან კარგად მიცნობენ, უთქვენოდაც გავესაუბრები. სწავლას ვიწყებთ ხუთშაბათს, 103-ე სკოლაში, გადასარევი სკოლაა. 2010 წელს აშენებული სკოლაა, საუკეთესო სკოლაა ინფრასტრუქტურით და ყველაფრით“, – თქვა დირექტორმა.

TV პირველის ინფორმაციით, მშობლები ამ ინფორმაციის მიღების შემდეგაც რჩებიან ადგილზე, რადგან მათთვის შეთავაზება მიუღებელია.