თბილისის 166-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც სკოლის პედაგოგი და სამეურვეო საბჭოს წევრი „პუბლიკას“ ეუბნება, მათი პროტესტი 21-ე სკოლის გარშემო განვითარებული პროცესების შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, 166-ე და 21-ე სკოლების შენობებში არსებული დაზიანებები „იდენტურია“ და ახლა ისინი სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ.
„21-ე სკოლის მაგალითზე, სადაც დაზიანებები აბსოლუტურად იდენტური იყო და იქ მისცეს რეაბილიტაციის უფლება და სკოლაში შეუშვეს, ჩვენც ახლა გვინდა, რომ სკოლაში შეგვიშვან. არ გვინდა, რომ დემონტაჟი განხორციელდეს, გვინდა, რომ გაკეთდეს სკოლის რეაბილიტაცია“, – ამბობს „პუბლიკასთან“ 166-ე სკოლის მასწავლებელი.
მასწავლებლის თქმით, 166-ე სკოლას სამხარაულის ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა. მისი განცხადებით, სამხარაულმა დასკვნაში მიუთითა, რომ შენობას მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს და მისი რეაბილიტაცია არარენტაბელურია.
ამის შემდეგ სკოლა შენობის დემონტაჟს დათანხმდა და 2024 წელს შენობა დატოვა. 166-ე სკოლის მოსწავლეები ორ სკოლაში – 155-ე და 24-ე საჯარო სკოლებში – გადანაწილდნენ.
როგორც მასწავლებელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, სკოლის დემონტაჟის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება, რადგან მოსწავლეებს სწავლა გვიან ეწყებათ და გვიან ამთავრებენ, რაც, მისი შეფასებით, არაპროდუქტიულია.
„დიდი კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები 6-ს რომ 20 აკლია, მაშინ უმთავრდებათ, პატარებს კი 7-ის ნახევრისკენ. ეს ძალიან არაპროდუქტიულია. სწავლების ხარისხი ძალიან დაბალია და ეს მოსწავლეების აკადემიურ შედეგებზეც აისახება. დარღვეულია ძილისა და კვების რეჟიმი. ბავშვებს გვიან უწევთ სახლში წასვლა და დაღლილები მიდიან მეცადინეობაზე. ფაქტობრივად, მეცადინეობას ვეღარ ახერხებენ. დილით ბავშვებს წრეზე, სპორტზე, მუსიკაზე, ცეკვაზე ან სიმღერაზე სიარული უნდათ, მაგრამ ამას ვეღარ ახერხებენ. ვინც ახერხებს, მას ხშირად ღამის გათენება უწევს, რომ გაკვეთილები მოამზადოს. შედეგად, ძალიან ცუდი სიტუაციაა. მშობლები აღშფოთებულები არიან. მეორე ცვლა და ასეთ გვიან საათებში სწავლა არაპროდუქტიულია“, – ამბობს მასწავლებელი.