ირანის ელჩმა საელჩოს შენობის ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით გაანათა

პუბლიკა

ირანის ელჩმა ქეთევან დედოფალზე თქვა, რომ „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოუჯანიმ თქვა, რომ 26 სექტემბერს ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა.

საელჩოს შენობის ფასადზე გამოსახული ქეთევან დედოფლის ფოტო ელჩმა თავად გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს გამოსახულება „იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს“ და რომ „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ელჩმა თქვა, რომ „მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს“.

„წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, – დაწერა ელჩმა Facebook-ზე.

ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, ქალაქ შირაზში შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს.

მისი სიკვდილის თარიღად წყაროებში გვხვდება 1624 წლის 12 სექტემბერი (ძველი სტილით), ხოლო ქართული ეკლესია ხსენების დღეს 26 სექტემბერს აღნიშნავს.

ირანის ელჩს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ ვისი ბრძანებით ან როგორ დაიღუპა ქეთევან დედოფალი.

ისტორიკოსმა გიორგი ჯავახიშვილმა თქვა, რომ ირანის ელჩმა არა მხოლოდ დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტი ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით, არამედ უგულებელყო ისტორიის კვლევის მეთოდოლოგია და ეთიკა.

„ალი მოუჯანი საქართველოში წარმოადგენს ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ის იმყოფება დიპლომატიური მანდატით და არა სამეცნიერო მივლინებით. ელჩი მოუჯანი არღვევს არამხოლოდ დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით, არამედ როგორც ისტორიის მაგისტრი, უგულვებელყოფს ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიასა და ეთიკას. დედოფალ ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრული არის ფაქტი, ისეთივე ცხადი და ცალსახა, როგორც, მაგალითად, XX საუკუნეში ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ისტორია“, – დაწერა ისტორიკოსმა.