გაეროს კომიტეტმა საქართველოს მიხაილ ტიმოფეევის რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალა

პუბლიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევის რუსეთისთვის ექსტრადიცია, დეპორტაცია და გაძევება აუკრძალა, სანამ კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს. კომიტეტის შესაბამის წერილს რუსული გამოცემა The Insider გაეცნო.

კომიტეტმა ტიმოფეევის საქმეზე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს მოსთხოვა, თავი შეიკავოს მისი რუსეთისთვის ექსტრადიციის, დეპორტაციის, გაძევების ან სხვა ფორმით დაბრუნებისგან, სანამ მისი საჩივარი განხილვის პროცესშია.

მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, ყოფილი თანაშემწე და თანამოაზრეა. ფურგალს რუსეთში 25 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ტიმოფეევის ადვოკატის, რუსუდან მჭედლიშვილის განცხადებით, გაეროს კომიტეტის მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს და ექსტრადიციისა და დეპორტაციის პროცედურები შეაჩეროს.

გაეროს კომიტეტმა საქართველოს ასევე მოსთხოვა, 2027 წლის 29 მარტამდე წარადგინოს პოზიცია ტიმოფეევის საჩივრის დასაშვებობასა და საქმის არსებით მხარეზე.

ამასთან, დროებითი ღონისძიების გამოყენება არ ნიშნავს, რომ კომიტეტმა უკვე დაადგინა ტიმოფეევის უფლებების დარღვევა ან მისი საჩივარი დასაშვებად ცნო.

2026 წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთისთვის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. 18 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. საბოლოო გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.

ტიმოფეევი თბილისში 2026 წლის 23 იანვარს რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

რუსეთი მას 2004–2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობას ედავება. რუსეთის გენერალური პროკურატურის ვერსიით, ტიმოფეევი შედიოდა ორგანიზებულ ჯგუფში, რომელიც ფურგალმა ბიზნესკონკურენტების წინააღმდეგ შექმნა.

ტიმოფეევი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

მისი საქართველოში დაკავების საფუძველი მოსკოვის ინტერპოლის ბიუროს მიერ 2024 წლის აპრილში საქართველოს მხარისთვის გაგზავნილი წერილი გახდა. დოკუმენტის მიხედვით, ტიმოფეევი ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ იძებნებოდა.

თუმცა, ტიმოფეევის დაცვის მხარის განცხადებით, ინტერპოლმა მისი ძებნა 2025 წელს გააუქმა. ადვოკატის თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის 2025 წლის 12 და 15 სექტემბრით დათარიღებული წერილები, საქართველოს ხელისუფლებას წარედგინა.

რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, ინტერპოლმა საკუთარი მოკვლევა ჩაატარა და ინფორმაცია ყველა მხარისგან, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისგან, გამოითხოვა. მისი განცხადებით, ორგანიზაციამ ტიმოფეევი ძებნილთა ბაზებიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც მისი ძებნისთვის საკმარისი დოკუმენტური საფუძველი ვერ მიიღო. ადვოკატის შეფასებით, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ ტიმოფეევისთვის საექსტრადიციო პატიმრობის მოთხოვნისას იურიდიულად ძალადაკარგულ დოკუმენტს დაეყრდნო.

მიხაილ ტიმოფეევი 60 წლისაა. მან რუსეთი 2020 წელს დატოვა, საქართველოში კი 2024 წელს ჩამოვიდა და თავშესაფარი მოითხოვა. მისი დაცვის მხარის განცხადებით, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხე ემუქრება.