გამოცემა Rapporteur-ის ინფორმაციით, საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეუთოს წარმომადგენელთა მიღებაზე განაცხადა, რომ საქართველო ოფიციალურად წარადგენს საკუთარ კანდიდატურას ეუთოს თავმჯდომარეობაზე და ეუთოს 57 მონაწილე სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
„საქართველო მზად არის იყოს თავმჯდომარე ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის – მოუსმინოს ყველა ხმას, ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან და ეძიოს საერთო საფუძველი.
საქართველო მზად არის ემსახუროს, მოუსმინოს და დააახლოოს ადამიანები. მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, ავაშენოთ ხიდები და ვიმუშაოთ ერთად“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
მიუხედავად ამისა, გამოცემა Rapporteur წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურის წინააღმდეგია.
ეუთო ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით მოქმედი მთავარი მრავალმხრივი უსაფრთხოების ფორუმია. გამოცემა წერს, რომ ბოლო წლებში ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეფერხდა, რადგან ყველა გადაწყვეტილების მისაღებად მონაწილე სახელმწიფოების კონსენსუსია საჭირო.
ამ დროისთვის ეუთოს თავმჯდომარეობის ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს. თუმცა, დიპლომატებზე დაყრდნობით Rapporteur წერს, რომ კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს.
„ამ დავამ ეუთო მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსენსუსის გარეშე დატოვა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი ალტერნატივად წარადგინოს“, – წერს Rapporteur.
Rapporteur-მა ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერს კრისტიან უიგანდს ჰკითხა, უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვიპროსის კანდიდატურას და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს ან ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას. პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კვიპროსის კანდიდატურას, ხოლო ალტერნატიულ კანდიდატს არ განიხილავს.
„თბილისისთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვან დიპლომატიურ პლატფორმას შექმნიდა იმ დროს, როდესაც მისი ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის რამდენიმე მთავრობასთან გაუარესებულია. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია მისი დემოკრატიული ტრაექტორიისა და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობების გამო მუდმივი კრიტიკის ფონზე“, – ნათქვამია სტატიაში.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს მორიგი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში 3-4 დეკემბერს გაიმართება. შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც მიიღოს.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისმა მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ შეხვედრას შესაძლოა რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატებიც დაესწრონ და მას დიალოგის შესაძლებლობა უწოდა.
ლავროვმა და კასისმა გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ლუგანოს მინისტერიალის მოსამზადებელი საკითხებიც განიხილეს.
როგორც Rapporteur წერს, თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას გააგრძელებს, ლუგანოს შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატურა შესაძლოა ალტერნატიულ ვარიანტად განიხილონ.
თუმცა, საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. დიპლომატების ინფორმაციით, განსაკუთრებით მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას ბალტიის ქვეყნები, რაც უკავშირდება თბილისსა და ევროკავშირს შორის სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებს და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ.
„თუმცა, საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორისაც ჰყავს მოწინააღმდეგეები. დიპლომატების ინფორმაციით, განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილი ბალტიის ქვეყნები, რაც უკავშირდება თბილისსა და ევროკავშირს შორის სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებს და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში.
Rapporteur მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას სერბეთიც განიხილავს, თუმცა ბელგრადის შესაძლო გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბრიუსელის დილემა კიდევ უფრო გაართულოს, განსაკუთრებით ევროკავშირსა და სერბეთს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ომის დამნაშავე რატკო მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებული ბოლო დაპირისპირების ფონზე.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით ბუნდოვანია რუსეთის პოზიციაც.
„მოსკოვს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, ხოლო რუსეთის ჯარები კვლავ იკავებენ საქართველოს რეგიონებს — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – წერია სტატიაში.
Rapporteur-ის ცნობით, საქართველოს განაცხადზე კომენტარისთვის დაუკავშირდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.