ბერა ივანიშვილის ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების გამო მომზადებული სარჩელის ადრესატები რამდენიმე მედია და კონკრეტული პირები იქნებიან, რომლებიც „მის შესახებ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ“.
„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა დავით ასათიანმა სამთავრობო „ტვ იმედთან“.
მას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნება სარჩელის ადრესატი.
ასათიანისვე თქმით, ამ ეტაპზე სამართლებრივი დოკუმენტები მზადების პროცესშია და მიმდინარეობს იმ განცხადებების მონიტორინგი, რომლებიც ბერა ივანიშვილის შესახებ ბოლო პერიოდში მედიასა და სხვადასხვა პირის მიერ გაკეთდა.
„როდესაც ამას დავასრულებთ, აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს – მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, – თქვა დავით ასათიანმა.
ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, 30 სექტემბერს თქვა. ბერა ივანიშვლმა დაწერა, რომ სიცრუეა, „თითქოს ის „ქოლცენტრებს“ მფარველობს“ და ცილისწამებაა, რომ „ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს“.
„მინდა, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“, – დაწერა ბერა ივანიშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები ინფორმაციას მისი სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ, თუმცა, მისივე შეფასებით, ამის დასადასტურებლად ფაქტები წარმოდგენილი არ არის.
ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი „შურისძიება კი არა, საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვაა“.
„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი“, – დაწერა ბერა ივანიშვილმა.