სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო თარაშვილმა მიიღო.
ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. „ინტრეპრესნიუსის“ ცნობით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
ლევან ახობაძეს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება განაჩენის გამოცხადებამდე.
„ლევან ახობაძე არ აღიარებს ქრთამის აღების ბრალდებას. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია მტკიცებულებების შესახებ და ამ ინფორმაციიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, შეიცვალა მდგომარეობა სისხლის სამართლის საქმეზე და აღარ იყო აუცილებელი პატიმრობის გამოყენება. მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვეთ ლევან ახობაძის გათავისუფლება გირაოთი, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ.
ეს არანაირად არ უკავშირდება მისი მხრიდან რამე სახის თანამშრომლობას სხვა მაღალჩინოსნების საქმეზე. ინფორმაცია, რომელიც მივაწოდეთ სასამართლოს, ეხება ამ კონკრეტულ საქმეს და ახალ ინფორმაციას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეხება ამ კონკრეტულ საქმეს“, – თქვა ადვოკატმა დავით სიმონიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
პროცესის შემდეგ პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.
„სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარემოებები, ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო. როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს იყო.
შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, როცა გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ამ საფრთხეების შემცირება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში, ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შესცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად შემცირდა საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი“, – თქვა პროკურორმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 22 მაისს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
„მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით“.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო.
ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუსის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ლევან ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.