ევროკომისიის განცხადებით, წევრი ქვეყნები და უკრაინა უკრაინის 2026 წლის საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსების მოძიებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, 2027 წლისთვის უკრაინის მხარდაჭერის მიზნით €45 მილიარდის გამოყოფის პროცესი დაჩქარდება.
ევროკომისიის თანახმად, 2027 წლისთვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, სწრაფად დაიწყებენ €45 მილიარდის გამოყოფას იმ €90-მილიარდიანი სესხიდან, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად არის გათვალისწინებული. ამასთან, დაიწყება მუშაობა უკრაინის დამატებითი საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების განსაზღვრაზეც.
ევროკომისიისვე ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ სხვა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას.
ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, მხარეები ყოველთვიური შეხვედრების გამართვაზეც შეთანხმდნენ.
უკრაინას 2026 წელს თავდაცვის საჭიროებების დასაფინანსებლად დაახლოებით $27 მილიარდი აკლია. POLITICO-ს თანახმად, უკრაინის ხელისუფლება დაახლოებით $7 მილიარდის მოძიებას ქვეყნის შიგნით გეგმავს, დარჩენილი თანხის მისაღებად კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგი კორეცკიმ განაცხადა, რომ თანხები ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება, მათ შორის მომავალი წლისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად წინასწარი შეკვეთების გასაკეთებლად. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორ მანძილზე მოქმედი დრონების დაფინანსება.
უკრაინის ფინანსურ მდგომარეობას დამატებით ართულებს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ქარხნებზე, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ობიექტებზე თითქმის უწყვეტი თავდასხმები. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მასშტაბით 190-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა, რასაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვები მოჰყვა.
POLITICO წერს, რომ უკრაინის ფინანსური პრობლემების ფონზე იზრდება ზეწოლა ევროპელ პარტნიორებზეც – ევროკავშირი უკრაინისთვის €90-მილიარდიან ორწლიან სესხს ეტაპობრივად გასცემს, თუმცა კიევი თანხების უფრო სწრაფად მიღებას მოითხოვდა.
დღევანდელ შეხვედრამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის განკუთვნილი €37 მილიარდი კვლავ ხელმისაწვდომია.
Politico-ს თანახმად, ფინანსური წნეხი რუსეთის ბიუჯეტზეც იზრდება, თუმცა მოსკოვს უფრო დიდი ეკონომიკისა და გადასახადების გაზრდის შესაძლებლობის გამო ომის დასაფინანსებლად მეტი რესურსი აქვს. Reuters-ის მიერ მოპოვებული საბიუჯეტო დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის 2027 წლის თავდაცვის ხარჯები 17.1 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით €180 მილიარდს) მიაღწევს, რაც მანამდე დაგეგმილ მაჩვენებელზე 27%-ით მეტია.