რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი, რომლის რუსეთისთვის ექსტრადიცია საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აუკრძალა, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, დაუწესდა დამატებითი შეზღუდვებიც.
როგორც ტიმოფეევის ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, გათავისუფლების პირობები იყო შემდეგი:
- დაეკისრა 50 000-ლარიანი გირაო, რომელიც 14 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს;
- აეკრძალა საქართველოს დატოვება;
- აეკრძალა საღამოს 22:00-დან დილის 06:00-მდე სახლიდან გასვლა;
- დაევალა კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება;
- შესაბამის უწყებებს უნდა შეატყობინოს მისამართის და ტელეფონის ნომრის შეცვლა 24 საათით ადრე;
- პროკურატურას უნდა ჩააბაროს პასპორტი ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.
ადვოკატის თქმით, ისინი ამ პირობებს არ დაეთანხმნენ. მისი განმარტებით, ტიმოფეევის 9-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 23 ოქტომბერს იწურებოდა და 21 დღეში მას ისედაც გაათავისუფლებდნენ.
„აქედან გამომდინარე, შუამდგომლობა, ფაქტობრივად, ემსახურებოდა არა გენერალური პროკურატურის კეთილ ნებას, არამედ თავის დაზღვევას, რომ დამატებითი ღონისძიებებით დაეცვა თავი იმ შემთხვევაში, თუ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, ჰქონდეს დატოვებული ის 21 დღე, რაც დარჩა პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, რასაც შემდეგ გამოიყენებს საექსტრადიციო პროცედურებისთვის“, – ამბობს ადვოკატი.
რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები პროპორციული არაა, მით უმეტეს, როდესაც საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხელჯოხის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია.
„ამაზე გავამახვილეთ ყურადღება სასამართლოში და მივუთითებდით, რომ ეს არის მიხაილ ტიმოფეევის უფლებების დარღვევა და შეიძლება ეს გაუტოლდეს ევროკონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და არაადამიანურ მოპყრობად შეფასდეს“, – ამბობს ადვოკატი, რომელმაც სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
მისი თქმით, ტიმოფეევმა პროცესზე აღნიშნა, რომ ის 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას ვერ შეძლებს.
„აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სასამართლოს ეს განჩინება რას ემსახურება, რადგან სასამართლომ თავიდანვე იცოდა, რომ მიხაილ ტიმოფეევი ამ თანხას ვერ გადაიხდის.
მოგეხსენებათ, თუ პირი ვერ გადაიხდის გირაოს თანხას, შესაძლებელია, გირაო პატიმრობით შეიცვალოს. თუმცა 9 თვეზე მეტს ისედაც ვერ განუსაზღვრავს. მას 21 დღე დარჩა ამ 9 თვის ამოწურვამდე“, – ამბობს მჭედლიშვილი, რომელიც განჩინებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ადვოკატი განმარტავს, რომ სანამ გაეროს კომიტეტი არ განიხილავს საქმეს, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია, დეპორტაცია ან სხვა სახის გადაცემის პროცედურა აკრძალული იქნება.
მიხაილ ტიმოფეევი თბილისში 2026 წლის 23 იანვარს რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.
რუსეთი მას 2004–2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობას ედავება. რუსეთის გენერალური პროკურატურის ვერსიით, ტიმოფეევი შედიოდა ორგანიზებულ ჯგუფში, რომელიც ფურგალმა ბიზნესკონკურენტების წინააღმდეგ შექმნა.
ტიმოფეევი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.
მისი საქართველოში დაკავების საფუძველი მოსკოვის ინტერპოლის ბიუროს მიერ 2024 წლის აპრილში საქართველოს მხარისთვის გაგზავნილი წერილი გახდა. დოკუმენტის მიხედვით, ტიმოფეევი ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ იძებნებოდა.
თუმცა, ტიმოფეევის დაცვის მხარის განცხადებით, ინტერპოლმა მისი ძებნა 2025 წელს გააუქმა. ადვოკატის თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის 2025 წლის 12 და 15 სექტემბრით დათარიღებული წერილები, საქართველოს ხელისუფლებას წარედგინა.
2026 წლის 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთისთვის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. 18 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. საბოლოო გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.
30 სექტემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევის რუსეთისთვის ექსტრადიცია, დეპორტაცია და გაძევება აუკრძალა, სანამ კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს.