TV პირველი სააპელაციო სასამართლოდან ავრცელებს პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ის ამბობს, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“.
ბრალდებულის თქმით, „დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს“.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში.
კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-მეთქი კამერაში, სუიციდის მცდელობა მქონდა-მეთქი, თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – „მოტ…ნულს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, – ამბობს გიორგი დავითაძე.
პატიმრის ამ განცხადებას „კატეგორიულად უარყოფს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
პენიტენციურის მტკიცებით, „ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“.
„აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი დავითაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია. დავითაძის ოჯახი მედიასთან პირველად 21 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
მამა ამბობდა, რომ მისი შვილი 2025 წლის დეკემბერში დეესკალაციის ოთახში გაიყვანეს, სადაც 9 ბადრაგმა სცემა. გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახი ამბობდა, რომ მომხდარზე ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა. ოჯახი მე-6 პენიტენციური განყოფილების უფროსის შოთა ტრაპაიძეს პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.
21 სექტემბერს ოჯახი მე-6 განყოფილებიდან შვილის სხვა განყოფილებაში გადაყვანას და 2025 წლის დეკემბერში მომხდარი ძალადობის გამოძიებას მოითხოვდა.
21 სექტემბერსვე პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ გიორგი დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს ნამდვილად მოთავსდა დეესკალაციის ოთახში, თუმცა ღირსების შემლახავ ქმედებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
უწყების თქმით, მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდადებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.