პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

მსჯავრდადებულის დედის თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სრული არ არის და მასალა, რომელიც პროკურორმა ანახა 20 წუთამდეა.

„ეს არის ნაწილი იმ ვიდეოსი, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ. 20-წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათ აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გადარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი. დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები“, – განაცხადა დავითაძის დედამ.

მისი თქმით, დეესკალაციის საკანში რომ შეიყვანეს, იქ დახვდა ბადრაგი, რომელმაც ხელთათმანები წამოიცვა.

ოჯახი ამბობს, რომ ხვალ, 3 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან აქცია გაიმართება.

მსჯავრდადებულის მეუღლემ ფარსი უწოდა დეესკალაციის ოთახში შემოწმებაზე პენიტენციურის განცხადებას:

„შეხედეთ კადრებს, რა საჭიროება იყო 10 თუ 9 ბადრაგი გიორგის გასაკავებლად, რას აკეთებდა? ადამიანი საკანში მარტო ზის, რა უნდა ჰქონდეს იქ ისეთი, რომ 10 ბადრაგს რამე დაუშავოს. სიტყვიერად მიმართავს მხოლოდ. ხელით არავის შეხებია, საჭიროება რომ ყოფილიყო ამდენი ბადრაგის. როცა გამოჰყავთ ოთახიდან ჩხრეკა იქ ტარდება. ეს ვიცი. ეს იყო ფარსი, რომ თითქოს იქაც ხდება შემოწმება და ხელში უჭირავთ რაღაც. იქაც ამოწმებენ, რამე ხომ არ აქვს ისეთი, რაც ფიზიკურად მკაცრი დაწესებულებების პატიმარს ვერ ექნება ვერანაირ შემთხვევაში“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მსჯავრდადებულის მეუღლემ.

პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ის №6 პენიტენციური დაწესებულების „ბადრაგმა გააუპატიურა“.

მსჯავრდებულის თქმით, „დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს“.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში.

კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-მეთქი კამერაში, სუიციდის მცდელობა მქონდა-მეთქი, თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – „მოტ…ნულს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, – ამბობს გიორგი დავითაძე.

პატიმრის ამ განცხადებას „კატეგორიულად უარყოფს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

პენიტენციურის მტკიცებით, „ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“.


გიორგი დავითაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია. დავითაძის ოჯახი მედიასთან პირველად 21 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.

მამა ამბობდა, რომ მისი შვილი 2025 წლის დეკემბერში დეესკალაციის ოთახში გაიყვანეს, სადაც 9 ბადრაგმა სცემა. გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.

ოჯახი ამბობდა, რომ მომხდარზე ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა. ოჯახი მე-6 პენიტენციური განყოფილების უფროსის შოთა ტრაპაიძეს პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.

21 სექტემბერს ოჯახი მე-6 განყოფილებიდან შვილის სხვა განყოფილებაში გადაყვანას და 2025 წლის დეკემბერში მომხდარი ძალადობის გამოძიებას მოითხოვდა.

21 სექტემბერსვე პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ გიორგი დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს ნამდვილად მოთავსდა დეესკალაციის ოთახში, თუმცა ღირსების შემლახავ ქმედებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

უწყების თქმით, მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდადებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.