რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს

პუბლიკა

რუსული მედიების ცნობით, 43 წლის დმიტრი პუშკარევი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც ის კონვოის თანამშრომელს თავს დაესხა და გაქცევა სცადა.

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ის თანახმად, რომელიც რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს დაეყრდნო, პუშკარევი რამდენიმე დღით ადრე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.

„ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის დროს მოკლული დმიტრი პუშკარევი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლებითა და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრიმინალური გაერთიანების შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ“, – ამბობს TASS-ის წყარო.

Lenta.ru-ს მიხედვით, პუშკარევისა და მისი სავარაუდო თანამზრახველის, კორნეი ფედუნოვის ექსტრადიცია საქართველოდან რუსეთში 24 სექტემბერს მოხდა.

საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსული გამოძიების ვერსიით, პუშკარევი მაგადანის ოლქში ნარკობიზნესს ხელმძღვანელობდა. ის ორგანიზებას უწევდა ნარკოტიკების მიწოდებას, აკონტროლებდა მათ შენახვასა და ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით რეალიზაციას. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო პატიმრობაც დამუქრებოდა. რუსული მედიები პუშკარევს „მაგადანის ესკობარს“ უწოდებენ.

რუსული მხარის ცნობით, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე, პუშკარევი საკნიდან ტუალეტში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის კონვოის თანამშრომელს თავს დაესხა, მოკლა და გაქცევა სცადა. გაქცევის მცდელობა აღკვეთეს, თავად პუშკარევი კი ცეცხლსასროლი იარაღით „გაანეიტრალეს“.

Lenta.ru წერს, რომ როგორც მათ სამართალდამცავ უწყებაში განუცხადეს, ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში პატიმართა ამბოხს ადგილი არ ჰქონია.