ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო. თანხა მოლდოვის დახმარების გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მიერ რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე გამოიყო.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიამ დღეს, ევროკავშირი-მოლდოვის ასოცირების საბჭოს მე-10 სხდომის შემდეგ გაავრცელა. ევროკომისიის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის ევროპული გზისა და რეფორმების მიმართ.
157 მილიონი ევრო ზრდის გეგმის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მესამე ტრანშია. თანხის გადარიცხვას წინ უძღოდა ევროკომისიის დადებითი შეფასება, რომლის მიხედვითაც, მოლდოვამ წარმატებით შეასრულა განვითარების გეგმასთან დაკავშირებული 18 რეფორმა.
რეფორმები ზრდის გეგმის შვიდივე მიმართულებას მოიცავს. ეს მიმართულებებია: კერძო სექტორის განვითარება, ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური მმართველობა, სოციალური ერთობა და შრომის ბაზრები, ენერგეტიკა, მწვანე გარდაქმნა და კარგი მმართველობა.
ევროკომისიის ინფორმაციით, ბოლო გადახდის შედეგად, ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვისთვის ხელმისაწვდომი თანხის საერთო მოცულობამ 661 მილიონ ევროს მიაღწია.
ევროკომისიის განცხადებით, დამატებითი დაფინანსებით მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს რეფორმების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით თანმიმდევრულ პროგრესს. ევროკავშირის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.
ევროკომისიის შეფასებით, ეს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრებასთან კიდევ უფრო დააახლოებს.
რა არის ზრდის გეგმა
2024 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ მოლდოვის რესპუბლიკისთვის 1.9 მილიარდი ევროს მოცულობის ზრდის გეგმა წარადგინა, რომელიც 2025-2027 წლების რეფორმებისა და ზრდის მექანიზმს ეფუძნება.
ევროკომისიის განცხადებით, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მოლდოვისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის ყველაზე მსხვილი პაკეტი.
2021-2025 წლებში ევროკავშირმა მოლდოვას 1.2 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის სახით გამოუყო. ეს თანხა მოიცავს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას.
ევროკავშირმა ასევე 1.2 მილიონ შინამეურნეობას გაუწია დახმარება ელექტროენერგიის გადასახადების ზრდასთან გასამკლავებლად. ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავდა სასამართლო სექტორის რეფორმებსაც, რომელთა მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მისი ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.
„დღევანდელი გადარიცხვა არის მოლდოვის მიერ რეფორმებისადმი ერთგულებისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის გადაწყვეტილების აღიარება. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვის ეს ერთგულება ევროკავშირის კონკრეტული მხარდაჭერით არის გამყარებული, რაც მოლდოვის მოქალაქეების ცხოვრებაზე ხელშესახებ გავლენას მოახდენს“, – განცხადა გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა.