აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ლიტვაში ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობას „აუცილებლად განიხილავს“.
ტრამპის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ლიეტუვაში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების ხარჯი თავად დაფაროს.
„ისინი ჩემი მეგობრები არიან, შესანიშნავი ხალხია, ამიტომ ამას აუცილებლად განვიხილავთ. ისინი შესანიშნავი ხალხია“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
გასულ კვირას სინკევიჩიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა, რომ ლიეტუვა მზად არის, აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯი გადაიხადოს.
„თუ ისინი მზად იქნებიან, ჩვენ ამას ნამდვილად დავთანხმდებით და უზრუნველვყოფთ საუკეთესო შესაძლო პირობებს სამხედროებისთვის და ლიეტუვაში ბაზის დასაარსებლად“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი NATO-ს მოკავშირეებს რეგულარულად მოუწოდებს, საკუთარ ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების განთავსების ხარჯები თავად დაფარონ.
ამავდროულად, პენტაგონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო პოზიციის ექვსთვიან გადახედვას ახორციელებს. პროცესი დეკემბერში უნდა დასრულდეს და, არსებული მოლოდინით, ევროპაში თავდაცვის მიმართულებით პასუხისმგებლობის ნაწილის NATO-ს ევროპელ მოკავშირეებზე გადანაწილებას გამოიწვევს.
გასულ თვეში აშშ-მა დაადასტურა, რომ ლიეტუვაში სამხედრო მოსამსახურეების ახალი როტაციის გაგზავნას გეგმავს. ლიეტუვა, რომელიც NATO-ს წევრია, რუსეთის კონტინენტური ნაწილისგან დაახლოებით 113 კილომეტრით არის დაშორებული. ამჟამად აშშ-ს ლიეტუვში დიდი სამხედრო ბაზა არ აქვს.
ლიეტუვაში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსებას გამოეხმაურა დემოკრატიის დაცვის ფონდის (FDD) სამხედრო და პოლიტიკური ძალის ცენტრის უფროსი დირექტორი ბრედლი ბოუმენი.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები, გასაგები მიზეზების გამო, დაინტერესებული არიან, მათ ტერიტორიაზე ევროპელი და ამერიკული მოკავშირეების რაც შეიძლება მეტი სამხედრო ძალა იყოს განთავსებული, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან რუსულ დათვთან და ყველაზე კარგად ესმით მისი“, – განაცხადა ბოუმენმა 5 ოქტომბერს.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები მრავალი წელია, ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ძალას სცემს პატივს.
„სწორედ ამიტომ, ამერიკული სამხედრო ძალების ევროპიდან გაყვანა განსაკუთრებით მცდარია, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის მზარდ აგრესიას ვხედავთ“, – განაცხადა ბოუმენმა.
სექტემბერში დონალდ ტრამპმა, რომ აშშ პოლონეთში სამხედრო ბაზის შექმნის მიმართულებით „მნიშვნელოვან პროგრესს“ აღწევს.