სენატორები: დიზელის იმპორტით შტატებმა პუტინს ფინანსური მხარდაჭერის წყარო არ უნდა შეუნარჩუნოს

პუბლიკა

ამერიკელი სენატორები აკრიტიკებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დაუშვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტი აშშ-ში.

7 სენატორი მიიჩნევს, რომ დიზელის იმპორტის დაშვება რუსეთს უკრაინის ომის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსს აძლევს.

„2022 წელს კონგრესმა პირდაპირ აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი, რათა ამერიკული დოლარი პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სასტიკ ომს არ მოხმარდეს.

კონგრესის პოზიცია მკაფიო იყო: შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობი არ უნდა შემოიტანოს, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს და ნატოს მოკავშირეების მიმართ მუქარაზე უარს არ იტყვის.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, დაუშვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტი შეერთებულ შტატებში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

ადმინისტრაციას ასევე არ გაუვლია კონსულტაციები კონგრესთან და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, არ წარუდგენია არანაირი განმარტება საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად.

შეერთებულმა შტატებმა პუტინს ფინანსური მხარდაჭერის წყარო არ უნდა შეუნარჩუნოს მაშინ, როდესაც რუსეთი ისევ კლავს უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს. ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებენ: სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი (დემოკრატი), სუზან კოლინსი (რესპუბლიკელი), რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატი), ლიზა მურკოვსკი (რესპუბლიკელი), რონ უაიდენი (დემოკრატი), ტომ ტილისი (რესპუბლიკელი) და ჯონ კერტისი (რესპუბლიკელი).


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

„შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!…“, – დაწერა ტრამპმა.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ეუბნებოდა, რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.

თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს სურდა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.

„მშვიდობა სისუსტით არასდროს მოდის“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის.