თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
პროცესს არ ესწრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი.
პროკურატურას ღარიბაშვილის სხდომის დახურვა სურდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მხარე პროცესის დახურვას იმ არგუმენტით მოითხოვდა, რომ საქმეზე არაერთი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი უნდა დაიკითხოს და შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება გაჟღერდეს.
ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ დახურული არ ყოფილა ამავე საქმის ფიგურანტის, ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი და რომ ეს ბრალდების მხარის მცდელობაა, პროცესი დაფაროს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კანონმდებლობით, თუ მხარე არსებითი განხილვის ეტაპზეც მოისურვებს სხდომების დახურვას, შეუძლია, რომ ხელახლა დააყენოს შუამდგომლობა და არსებითად განმხილველი მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„სხდომას სწორედ იმიტომ ხურავს ბრალდების მხარე, რომ არის შესაბამისი საფუძველი. დღეს არ დაგვეთანხმა სასამართლო, იქნებ, შემდგომშიც არ გვეთანხმება – ამას ვნახავთ შემდგომში“, – განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.
ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის შეფასებით, განხილვის საჯაროდ ჩატარება უმნიშვნელოვანესია – საზოგადოებას, მედიას და უფლებადამცველებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ დააკვირდნენ პროცესს.
სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მტკიცებულებად არ დაურთო წერილი, რომელშიც ღარიბაშვილი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა წერილი და ახალი ბრალდების აღიარებაზე შეთანხმება შესთავაზა.
სხდომაზე ადვოკატებმა საქმის შეწყვეტა მოითხოვეს. მათი პოზიციით, ახალი ბრალი მხოლოდ ვასილ მხეიძის ირიბ და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებას ეფუძნება.
საბოლოოდ, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა.
პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის ვერსიით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას დანაშაულებრივ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა და სანაცვლოდ ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.
გამოძიებასთან ითანამშრომლეს ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ. მოგვიანებით პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ბურჭულაძეს, რომელიც პირველ ინსტანციაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, 10-წლიანი ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.
ბრალდებას არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი და თავს პოლიტიკური დევნის სამიზნედ მიიჩნევს.