პრემია „თავისუფალი’’ დამოუკიდებელი არტისტებისთვის

პუბლიკა

თეატრის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ თანამედროვე ცხოვრების პულსაცია, მისი  რიტმი და ესთეტიკა ყველაზე მეტად დამოუკიდებელ სათეატრო სივრცეებში იგრძნობა. ეს ხდება ბუნებრივად, თავისუფალი ავტორები ემორჩილებიან მხოლოდ დროის კონტექსტს და ცდილობენ ყველაზე ახლოს მივიდნენ მაყურებელთან. იპოვონ საკომუნიკაციო ენა, რომელიც ტექნოლოგიურ ეპოქაში მოახერხებს და შექმნის ისეთ ინტიმურ ველს, ისეთი გულწრფელობისა და უშუალობის ხარისხს, რომელშიც სმარტფონი  და გაჯეტი მაყურებელს დროებით მაინც ავიწყდება.

ამოცანა ურთულესია, თუმცა, როგორც თეატროლოგები აღნიშნავენ, ქართული აუდიტორია,  ძირითადად, ახალგაზრდულია და შესაბამისად, გვიჩდება განცდა,  რომ შეუძლებელი არაფერია.  

სირთულეებთან ჭიდილის ვნების გარეშე ვერ ავხსნით, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში უჩვეულოდ გაიზარდა დამოუკიდებელი თეატრების რაოდენობა. 90-იან წლებში შექმნილ პრეცედენტს, „თეატრალური სარდაფის“ სახით, დღეს ჰყავს ავტონომიური სათეატრო გზის არაერთი გამგრძელებელი. თბილისში: „თავისუფალი თეატრი“, „ქალაქის თეატრი“, „ჰარაკი“, „თეატრი სახელოსნო 42“,  „მოძრაობის თეატრი“, „გიენოსი“, „რესპუბლიკა“; რეგიონებში: „თეატრი ყველგან“, „კომოსი“, „სამოქალაქო თეატრი“, „ლიანდაგი“ და არაერთი სხვა  ქმნიან მაყურებლის მიზიდულობის ძლიერ ცენტრებს.  

თეატრები, კომპანიები თუ არტისტები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დოტაციაზე და ალტერნატიული გზებით ცდილობენ მოიძიონ რესურსი და წარმართონ დამოუკიდებელი სახელოვნებო პროცესები, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, როგორც უშუალოდ თეატრალური ცხოვრების  განვითრებაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. თუმცა უახლესი რეპრესიული კანონმდებლობით საგრძნობლად გართულდა რესურსებზე წვდომა. მუშაობა შეწყვიტა მაყურებლისთვის კარგად ნაცნობმა თეატრმა ათონელზე. მიუხედავად ამისა,  ჯერ ისევ ხერხდება თავისუფალი და ხშირად კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელ სცენაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე არსებობს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სათეატრო პროცესი, არამედ მისი პროფესიული შეფასების პლატფორმაც. 2023 წელს დაარსდა პრემია, რომელიც მხარს უჭერს  ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თავისუფალ და დამოუკიდებელ თეატრალურ სივრცეებს. ერთგვარად აჯამებს ყოველ სეზონს, გამოარჩევს და ფულადი პრემიით ახალისებს წლის განმავლობაში შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებს.  სამი წლის განმავლობაში პრემია „თავისუფალის“ ფარგლებში ნაჩვენები და განხილული 58 წარმოდგენა ადასტურებს დღეს დამოუკიდებელი ქართული თეატრის სიცოცხლისუნარიანობას.  „თავისუფალი“ უკვე გადაეცა რვა არტისტსა და სამ სათეატრო კომპანიას. 

ამ დროის განმავლობაში,  პროცესის შეფასებაში ჩართული იყვნენ თეატრის კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და მსახიობები. გამოიცა კატალოგები, სადაც შესულია ყველა მონაწილე თეატრის შესახებ ინფორმაცია და წარმოდგენების მიმოხილვები.  მსგავსი ტიპის დოკუმენტური მასალა, მრავალი მნიშვნელობით არის საინტერესო, ერთი მხრივ, ის ისტორიას უნახავს არსებული პროცესის ანალიზს და მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი ქართული თეატრის პრეზენტაციისთვის არის ხელშესახები კვლევა, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს ყველა მონაწილე.

პრემია „თავისუფალი“ სამ ნომინაციაში გაიცემოდა: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო მხატვარი/სცენოგრაფი.

წელს ნომინაციები გაიზარდა და დაემატა საუკეთესო მუსიკალური ნამუშევარი, ასევე სპექტაკლის ნაცვლად პრემია გაიცემა რეჟისურისა და საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ნომინაციებში.

თეატრალური პრემია „თავისუფალი“ წელს უკვე მეოთხედ გამოავლენს გამარჯვებულებს.  წარდგენილია 12 სპექტაკლი. 

წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში, ჟიური სამი წევრისგან შედგება. სეზონის საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენენ: მსახიობი ნინო კასრაძე და თეატრის მკვლევრები – მარიკა მამაცაშვილი და ზაზა სოფრომაძე.

პირველივე წელს პრემიის იდეას კერძო სექტორიდან არაერთმა კომპანიამ დაუჭირა მხარი. პარტნიორებს შორის იყო ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურიც. პრემიის დაარსებიდან დღემდე უცვლელი მხარდამჭერია კომპანია „კოკა-კოლა“. წელს უკვე მესამედ იქნება პარტნიორებს შორის „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“. 

პრემია „თავისუფალი 2026-ის“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად დეკემბერში გაიმართება.