„არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს”, – ამის შესახებ მანანა კობახიძემ „რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 13 ოქტომბერს დატოვა.
მისი თქმით, აპირებს, რომ აღიდგინოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.
„სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – ამბობს ის.
„რადიო თავისუფლების” კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდა პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სასამართლოს მეშვეობით მისთვის პერსონალურად მიუღებელი, და რას ფიქრობს, იმ მოსაზრებებზე, რომ ოპოზოციური პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს, მანანა კობახიძე პირდაპირ პასუხს არ სცემს.
„არ იქნება სწორი, მე სასამართლოდან წამოვედი და ახლა „ცხელ კვალზე”, მეორე და მესამე დღეს, მიმდინარე საქმეებზე ვაკეთო კომენტარი. მე ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას წარმატებას, ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და გვინდა, რომ ძალიან დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ყველას აქვს კეთილდღეობის და ბედნიერების უფლება. რაც შეიძლება მეტი ბედნიერი მოქალაქე უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მინდა, რომ ყოველი დღე იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე წინა. ძალიან დიდი გულშემატკივარი და პატრიოტი ვარ ჩვენი სამშობლოსი”, – პასუხობს კობახიძე „რადიო თავისუფლებას”.
12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა.