პენიტენციურში აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია

პუბლიკა

პენიტენციური გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა.

პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატის თქმით, დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერში ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდე ორი პირი. „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“ – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, თავდამსხმელები აგრძელებენ დავით ფეიქრიშვილზე ზეწოლას და მას ტელეფონის კოდს სთხოვენ. ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ყველაფერი იციან და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

ფეიქრიშვილების დედა ორივე შვილის „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს. „ვივამედში“ ადასტურებენ, რომ დავით ფეიქრიშვილი გუშინ საღამოს კლინიკაში შეიყვანეს და ღამით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. დაზიანებების შესახებ „ნეტგაზეთის“ შეკითხვაზე „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ შეკითხვებით პენიტენციურ სამსახურს მიმართონ.

ძმები ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც მოტეხილი აქვს ნეკნები და სახის ძვლები, წუხელ „ვივამედში“ იყო გადაყვანილი, „მაგრამ იქ არ დატოვეს, კვლავ დააბრუნეს უკან ასეთი მძიმე ავადმყოფი“. ის ასევე ამბობს, რომ მეორე შვილიც კლინიკაშია გადასაყვანი, რადგან „ვენები გადაუჭრია“ და ნაკერები არ ადევს.

ფეიქრიშვილის ცემაზე ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად უარყოფდა.