რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

პუბლიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ზურაბაშვილი ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან ერთად სპეციალურ წარმომადგენელს ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.

„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, – განაცხადა კობახიძემ.

სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.

2025 წლის დეკემბრამდე პოსტზე მუშაობდა გიორგი ქაჯაია, რომელმაც თავის მხრივ ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2012–2024 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში.

ქაჯაიას შემდეგ საქართველოს რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი არ ჰყოლია. რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად 2025 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა ალექსანდრე წულაძე, რომელიც მანამდე განათლების მინისტრი იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ალექსანდრე წულაძის ხელმძღვანელობით „ბევრი რამ გაკეთდა“, თუმცა დაინახეს „რომ დამატებით ძალიან მნიშვნელოვანია სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება“.

„ამის შემდეგ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად – ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.

„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- განაცხადა მან.

გიორგი ზურაბაშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს – ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს, იყო ელჩი და დესპანი ირლანდიაში; 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდ „საქართველოს“; 2005-12 წლებში ის იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.