რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოში წარმოებული რიგი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების რუსეთში იმპორტისა და გაყიდვის შეზღუდვებში პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ხედავს.
მისი თქმით, საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსპოტრებნადზორის) კომპეტენციაა და შეზღუდვები პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება.
„ჩემი აზრით, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის საკითხი არ არის. ეს როსპოტრებნადზორის საკითხია. ამ უწყების მოვალეობაა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებს და აღკვეთოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საქონლის იმპორტი“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, საუბარია „შესაბამისი უწყების ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომლის მიზანიც უხარისხო პროდუქციის გამოვლენაა“.
„დაწესებული შეზღუდვები კონკრეტულ პროდუქციას ეხება. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურის პოლიტიკურ ფაქტორად წარმოჩენას და ამ თემით სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა არ არის საჭირო. არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ვარაუდებია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ზახაროვას თქმით, პროდუქციის იმპორტიორებს გარკვეული მოთხოვნები წარუდგინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში პროდუქციას ათობით ქართული კომპანია აწვდის და დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა.
„ყველა დანარჩენი კომპანია ჩვენს ბაზარზე კვლავ უპრობლემოდ აგრძელებს საქმიანობას, ხოლო ეს ბაზარი საქართველოსთვის პრიორიტეტულია“, — განაცხადა ზახაროვამ.
„როსპოტრებნადზორმა“ საქართველოში წარმოებული რამდენიმე კომპანიის პროდუქციის რუსეთში იმპორტი და გაყიდვა შეაჩერა. შეზღუდვები შეეხო „თელიანი ველის“, „თბილვინოსა“ და „ვაინმენის“ ღვინოებს, „ასკანელი ძმების“ ღვინოსა და კონიაკს, „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდს, საქართველოში წარმოებულ Coca-Cola-სა და კომპანია „წყალი მარგებელის“ მინერალურ წყალს „ნაბეღლავს“.
რუსეთის მხარის განმარტებით, შეზღუდვები უკავშირდება პროდუქციის შეუსაბამობას ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან.