თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია - მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი თავისუფალია – მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

მხარეებს შორის შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების პირობებით, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ელიზბარაშვილმა  დღევანდელ პროცესზე ბრალდება აღიარა და კიდევ ერთხელ განმარტა მომხდარი ინციდენტი.

„ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს. ხმამაღალი საუბარი დამიწყეს, რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ. 15 წუთის განმავლობაში „მაკაჩავეს”. ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩავიდოდი.

როცა მივდიოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს, უკან ჩამომსვლელი არ ხარო. მე, როგორც ვაჟკაცმა კაცმა, გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ, რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვისას შეეშინდათ ამ ბიჭებს. მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს, როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა.

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო. რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“, – თქვა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ელიზბარაშვილმა.

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს თავისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, თუმცა შემდეგ ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის შესრულების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. 

დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.