საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 22 ოქტომბერს რეორგანიზაცია დასრულდა. აპარატის განცხადებით, „ცვლილებების მიზანი ინსტიტუტის გაძლიერება, მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების მკაფიოდ განაწილებაა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რეორგანიზაციას წინ უძღოდა აპარატის სამუშაო პროცესებისა და ფუნქციური მოწყობის შიდა ორგანიზაციული შეფასება, რომელმაც გამოავლინა შემთხვევები, „როდესაც ერთი და იგივე ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციები სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში იყო განაწილებული და დუბლირებული“.
„გარდა კომპეტენციების გადაფარვისა, ეს ქმნიდა ერთი და იმავე საკითხებზე განსხვავებული შეფასებების, რეაგირებების, არაკოორდინირებული მუშაობის და პროფესიული რესურსის არასაკმარისად ეფექტიანი გამოყენების რისკებს“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ჯამში სამი დეპარტამენტი გაუქმდა – გენდერის, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების დეპარტამენტები და გათავისუფლდა 7 ადამიანი.
სხვა დეპარტამენტების შემთხვევებში კი ფუნქციების თემატური გადანაწილება და დაჯგუფება მოხდა.
აპარატის განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, განახლებული სტრუქტურული მოწყობა მიზნად ისახავს:
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ფემიციდის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას ერთი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ინსტიტუტის ერთიანი და მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტით ინდივიდუალური და სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.
- სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აპარატის თემატური სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის, მათი როლისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას. რაც ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საკითხების შეფასებისას შესაბამისი დარგობრივი გამოცდილებისა და სპეციალიზებული ცოდნის სრულფასოვან გამოყენებას.
- ადამიანის უფლებათა დარღვევების დროული აღმოფხვრის მიზნით საქართველოს პარლამენტთან მუშაობის გაძლიერებას და განახლებული ფორმით გაგრძელებას, შესაბამისი წინადადებების თუ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით;
- გაზრდილი ადამიანური რესურსით და ქალთა უფლებების საკითხების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილებისა და მათი საქმიანობის ყველა ასპექტში ინტეგრირების გზით, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის გაძლიერებას ინდივიდუალური საქმეების ერთიანი მეთოდოლოგიით შესწავლის, სახელმწიფო პოლიტიკის სისტემური მონიტორინგის, შეფასებების და რეკომენდაციების შესრულების ადვოკატირებით.
- გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესრულების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის გაძლიერებას – მეტი პროფესიული რესურსი დაეთმობა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების სისტემურ მონიტორინგს, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებების გაძლიერებას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება აპარატის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ნაცვლად 3 საშტატო ერთეულისა.
- ციფრულ სერვისებზე წვდომის, დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის ეფექტიანად წარმართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ღონისძიებების გააქტიურებას.