ევროპარლამენტმა 2026 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაასახელა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადა.
„ევროკავშირი ეფუძნება მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემას. ეს პრემია აღიარებს სასამართლოს მნიშვნელოვან საქმიანობას საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა მეცოლამ.
სასამართლოს პრეზიდენტმა ტომოკო აკანემ განაცხადა, რომ პრემია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ „უპრეცედენტო გამოწვევების“ ფონზე, რომელთა წინაშეც სასამართლო დგას. მისი თქმით, ჯილდო ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა სასამართლომ თავისი მანდატი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეასრულოს.
„სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს და კანონის გარეშე — უსაფრთხოება“, — განაცხადა აკანემ.
დაახლოებით ორი კვირის წინ ICC-ის ყოფილ მოსამართლეს, ნავი პილაის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. სახაროვის პრიზი სასამართლოსთვის მეორე საერთაშორისო აღიარებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს სანქციები დაუწესა.
2026 წლის სახაროვის პრემიის ფინალისტები ასევე იყვნენ ტანზანიის ოპოზიციის ლიდერი და უფლებადამცველი ტუნდუ ლისუ და ირანელი დები, ტარანე და რომინა რაჰიმები.
პრემიის გადაცემის ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება.
სახაროვის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წელს დაარსებული ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ის საბჭოთა ფიზიკოსისა და უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.